მიგრაციული კრიზისი მწვავდება: სეუტაში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, ბოლო დღეებში ზღვაში უკვე 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

18:01, 30.07.2026
ასობით ადამიანი სეუტაში საზღვრის გადაკვეთას ცდილობს

ასობით ადამიანი სეუტაში საზღვრის გადაკვეთას ცდილობს

ტარახალის დამცავი ჯებირის გავლით სეუტას სანაპიროზე ადამიანების მასობრივი შეჭრა ადასტურებს, რომ მაროკოს ტერიტორიაზე მდებარე ამ ავტონომიურ ქალაქში, რომელიც ესპანეთს ექვემდებარება, ახალი მიგრაციული კრიზისი მძვინვარებს. მეორდება 2021 წლის მაისში უკვე ნანახი სცენები – ათასობით ადამიანი მაშინაც ანალოგიურად მოიქცა და საგანგებო სამსახურების პარალიზება მოახდინა.

 

TVE-ის კამერებმა სეუტაში რამდენიმე საინტერესო მომენტი დააფიქსირა; კადრებში ჩანს, როგორ შემოდის ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში (ესპანეთში – „ევროპული პერსპექტივა“) სამოქალაქო გვარდიის (ესპანეთის პოლიცია – „ევროპული პერსპექტივა“) ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ. კიდევ ერთი შთამბეჭდავი კადრია საზღვართან მდებარე ჭიშკრის გაღება ათეულობით ადამიანის გასატარებლად, რომლებიც შემდეგ ქალაქში შერბიან.

მამაკაცს, რომელმაც საზღვარი გადაალხა, ჰიდროკოსტიუმი აცვია და ხელში საცურაო ლასტები უკავია / ფოტოს ავტორი: რედუან დრისი, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE

პლაჟებზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის ნივთი, რომელსაც ეს ადამიანები გზადაგზა ტოვებენ: გასაბერი საცურაო რგოლები, საცურაო ლასტები, ჰიდროკოსტიუმები… მიგრანტთა უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა ქალები და ბავშვებიც არიან.

სეუტას პრეზიდენტის, ხუან ხესუს ვივასის თქმით, ქალაქში შემოსულთა რაოდენობა ბოლო დღეებში გაიზარდა. დღეში დაახლოებით 300 ადამიანი მაროკოდან ცურვით ან წყალში მოტივტივე საშუალებების გამოყენებით გადმოდის. მისივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი იზრდება და ზღვაში უკვე 60-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო.

მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად, სამოქალაქო გვარდიაა მობილიზებული

სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, მიგრანტთა ამ ნაკადის შესაჩერებლად, სამოქალაქო გვარდიაა მობილიზებული. ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება მაროკოს ჟანდარმერიასთან აქტიურად თანამშრომლობს. თუმცა, სამოქალაქო გვარდიის წყაროები ამტკიცებენ, რომ ეს დახმარება ზედაპირულია და ზეწოლის შეკავება ვერ ხერხდება.

ვითარებიდან გამომდინარე, ხუან ხესუს ვივასმა მთავრობას მოუწოდა, „ეროვნული საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადოს და, მიგრაციული წნეხის პირობებში, „ცენტრალიზებული კონტროლი“ დაამყაროს, ასევე მიიღოს ზომები, რათა „კრიზისს შესაბამისი რესურსებით გაუმკლავდეს და ქალაქისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი დაფაროს“.

სეუტას პრეზიდენტის მოთხოვნას ესპანეთის მთავრობამ უკვე უპასუხა და ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამორიცხა. „ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სამოქალაქო დაცვის რეგულაციებით გათვალისწინებული მექანიზმია, თუმცა მიგრაციულ ნაკადები რისკად არ განიხილება და რაიმე სპეციალური ზომების მიღებას არ საჭიროებს“, – აღნიშნეს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებმა.

 

სტატიის ავტორი: ალექს კაბრერა, ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია (RTVE – Corporación de Radio y Televisión Española)

ფოტოს ავტორი: მარინა ზაპიზო

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30 ივლისი, 2026 წელი, 13:40 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი