მფრინავი, რომელიც ემილიანო სალასთან ერთად დაიღუპა, პროფესიით სანტექნიკოსი იყო
მფრინავი, რომელიც ემილიანო სალასთან ერთად დაიღუპა, პროფესიით სანტექნიკოსი იყო

ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun) წერს, რომ დევიდ იბოტსონს, რომელიც კარდიფ სიტის არგენტინელ ფეხბურთელ ემილიანო სალასთან ერთად უგზოუკვლოდ დაიკარგა, კომერციული რეისების შესრულების უფლება არ ჰქონია. გაზეთმა ასევე გაარკვია, რომ მამაკაცს სხვა პროფესიები და დიდი რაოდენობით დაგროვილი ვალი ჰქონდა.

სოციალურ ქსელში დევიდ იბოტსონი პოტენციურ კლიენტებს სანტექნიკოსის მომსახურებას სთავაზობდა და, გარდა ამისა, დისკოთეკებზე დიჯეიდ მუშაობდა. გაზეთის ვარაუდით, ამ პროფესიებს იბოტსონი იმისთვის იყენებდა, რომ თვითმფრინავებით თავისი გატაცება თავადვე დაეფინანსებინა.

იმისათვის, რომ კომერციული რეისი შეესრულებინა, იბოტსონს ჰაერში საკმარისი საათების დაგროვება ესაჭიროებოდა, რის გამოც პარაშუტისტებთანაც თანამშრომლობდა.

გარდა ამისა, ბრიტანული გაზეთის ცნობით, იბოტსონის მეგობრები მის ამ გატაცებას არასერიოზულად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ იბოტსონი უკეთესი სანტექნიკოსი იყო, ვიდრე მფრინავი.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალასა და დევიდ იბოტსონის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.