მევლუთ ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მშვიდობა მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარას მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს გააკეთა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ვფიქრობთ, ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები არის ოკუპირებული. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, თურქეთი ომის დაწყებიდან დღემდე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ ვაგრძელებდით კომუნიკაციას ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობდით სანქციებში. და ცხადია, არ ვმონაწილეობდით ომში. ჩვენ სრულად შევასრულეთ მონტროს კონვენცია. და უფრო შორს წავედით, როდესაც, ნატო-ს წევრის რანგში, გამოვედით მოსკოვთან დიალოგის მოწოდებით“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.