მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი სრულად უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ეფუძნება
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი სრულად უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ეფუძნება

თურქეთი სრულად უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ეფუძნება. ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ის 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდს უწოდებს.

„თურქეთს არავისგან აქვს არაფერი სასწავლებელი საკუთარი წარსული შესახებ“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ, რომლის განცხადებასაც სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება განსაჯოს ისტორია და ამ განცხადებას ღირებულება არ გააჩნია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა.