მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი რუსულ ხომალდებს სრუტეებით სარგებლობის ნებას იმ შემთხვევაში დართავს, თუ ისინი მუდმივი დისლოკაციის პორტებს დაუბრუნდებიან
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი რუსულ ხომალდებს სრუტეებით სარგებლობის ნებას იმ შემთხვევაში დართავს, თუ ისინი მუდმივი დისლოკაციის პორტებს დაუბრუნდებიან

თურქეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომად აფასებს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ „სიენენ თურქთან“ განაცხადა.

„ეს კონფლიქტია თუ ომი? ჩვენ დავადგინეთ, რომ მონტროს კონვენციის მე-19 მუხლი ძალიან თვალსაჩინოა – ეს ომია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

როგორც „სიენენ თურქი“ წერს, მონტროს კონვენცია თურქეთის სრუტეებში საზღვაო მიმოსვლას არეგულირებს და თურქეთს უფლებამოსილებას ანიჭებს, სამხედრო ხომალდების დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში გადაადგილებაზე კონტროლი იქონიოს. მშვიდობიან დროს სამხედრო ხომალდებს სრუტეების გავლა წინასწარი დიპლომატიური შეტყობინების შედეგად შეუძლიათ. ომის დროს კი, როდესაც მასში თურქეთი არ არის ჩართული, სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ, ისარგებლონ სრუტეებით, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებიც ომში ჩართულ ქვეყნებს ეკუთვნით. თუმცა, ამ ხომალდებს დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვთ.

როგორც ჩავუშოღლუ განმარტავს, რუსულ ხომალდებს სრუტეებით სარგებლობის ნებას იმ შემთხვევაში დართავენ, თუ ისინი მუდმივი დისლოკაციის პორტებს დაუბრუნდებიან.