მევლუთ ჩავუშოღლუ – სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს პროვოკაციების შეწყვეტისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“ წერს.
„განვიხილე ჩემს ძმასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთის პროვოკაციები აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე. სომხეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე“, – წერს ჩავუშოღლუ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, რასაც აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულ ჯგუფებს აზერბაიჯანს არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში და სასაზღვრო რაიონების დანაღმვაში ადანაშაულებს.
Discussed Armenian provocations on the Azerbaijan-Armenia state border w/ my brother Foreign Minister @bayramov_jeyhun of Azerbaijan.
Armenia should cease its provocations & focus on peace negotiations and cooperation w/ Azerbaijan.🇹🇷🇦🇿
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) September 13, 2022