მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ირანის იზოლირება სახიფათო და უშედეგოა
ირანის იზოლირება სახიფათო და უშედეგოა,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განახლებული სანქციები ირანელი ხალხის უსამართლო დასჯაა.
თურქეთის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აკრძალვებით ვაშინგტონი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.
„ვფიქრობთ, სანქციებით რაიმე შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდება. ჩემი აზრით, მნიშვნელოობის მქონე დიალოგი და მოლაპარაკებები გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე სანქციები“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მევლუთ ჩავუშოღლუს განმარტებით, რეგიონში არსებული ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სანქციების გათვალისწინებით ალტერნატიული ენერგო რესურსის მოძებნა ძალიან რთულია.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 5 ნოემბერს შევიდა. აკრძალვები ძირითადად ნავთობის ექსპორტს და საბანკო სისტემას ეხება.
როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდი ვაშინგტონმა რამდენიმე პარტნიორ სახელმწიფოს, მათ შორის თურქეთს ირანისგან ნავთობის შესყიდვის უფლება მისცა. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს ნებართვა მხოლოდ დროებითი იქნება.