მეუფე შიო - ეკლესიას სულ უპირისპირდებოდნენ, რის უკანაც იდგნენ დემონური ძალები, მიუხედავად ამისა, მათი სწავლება დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი ჟღერს მსოფლიოში
მეუფე შიო - ეკლესიას სულ უპირისპირდებოდნენ, რის უკანაც იდგნენ დემონური ძალები, მიუხედავად ამისა, მათი სწავლება დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი ჟღერს მსოფლიოში

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს გრძელდება შობის წმინდა დღესასწაულის აღნიშვნა. წმინდა ეკლესია ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ამ უდიდეს მოვლენაზე, რომელსაც წმინდა მამები სამყაროს და ადამიანის მეორედ შექმნას ადარებენ. გილოცავთ ყველას ამ დღეს. ამ დიდი მოვლენის შემდეგ შეიცვალა სამყარო იმიტომ, რომ ადამიანი გახდა სათნო ღვთისა და ის დიდი უფსკრული, რომელიც იყო ღმერთსა და ადამიანს შორის არის გადალახული. ადამიანს ეძლევა საშუალება, როგორც პეტრე მოციქული წერს, გახდეს თანაზიარი ღვთაებრივი ბუნებისა. გახსოვთ იგავი უძღებ შვილზე. როდესაც ბრუნდება უძღები შვილი, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ამიერითგან ღმერთისთვის ის არის, როგორც შვილი და მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს, მიუხედავად დიდი დაცემულობისა, თუ ადამიანი მოინანიებს და დაბრუნდება უფალთან. ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს ეს დღე, თუ რაოდენ საყვარელი და მნიშვნელოვანია ადამიანი ღმერთისთვის და დღეს ვფიქრობთ იმაზე ასევე, რაც იყო წაკითხული წმინდა სახარებაში, რომ ამ დიდებულ მოვლენას, იმის მაგივრად რომ მოჰყოლოდა მობრუნება ერისა და იმჟამინდელი საზოგადოებისა, მოჰყვა დევნა ტანჯვა და განსაცდელები იესო ქრისტეს დაბადების დღიდანვე“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, „დღესაც გრძელდება ღვთისადმი წინააღმდეგობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო.

„ძირითადად ამბობენ იმას, რომ იესო ქრისტეს სწავლება, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება და ერთ-ერთი სწავლებათაგანი, წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას, ეს არის მთავარი. ძირითადად, აქამდე დადის ადამიანთა წინააღმდეგობა და ამაზე მშვენივრად პასუხობს პავლე მოციქული. ის ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური სწავლება, ის ამბობს, რომ ის სახარება, რომელსაც მე თქვენ გახარებთ არ არის კაცობრივი და ადამიანური. მეც კაცისგან როდი ვისწავლეო ეს ყველაფერი, არამედ თვითონ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადებით მეუწყაო. დღეს ჩვენც შეგვიძლია, რომ პავლე მოციქულთან ერთად ეს ვთქვათ, რომ ეს არ არის კაცობრივი, არა არის ადამიანური. ადამიანის მოგონილი არ არის ეს, ადამიანის შემოქმდება არ არის ის, რაც სახარებაში წერია. ეს არის ძე ღმერთის, განკაცებული ღმერთის და სული წმინდის მიერ მოცემული სწავლება. ამას ადასტურებს მთელი ეკლესიის ისტორია“, – აღნიშნა მეუფემ.

მეუფე შიოს განცხადებით, „ქრისტეს სიტყვა დღეს ჟღერს მსოფლიოში, ეხება ადამიანების გულებს და რაც მთავარია, ცვლის ადმიანს“.

„ეკლესიას სულ უპირისპირდებოდა ადამიანური ძალები, რომლის უკანაც იდგა დემონური ძალები. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი დავიწყებას არის მიცემული დღეს, მათი სწავლებაც და მათი იდეოლოგებიც, მაგრამ ქრისტეს სიტყვა დღეს ჟღერს მსოფლიოში და ეხება ადამიანების გულებს და რაც მთავარია, ის ცვლის ადმიანს, ეს არის მთავარი. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ გულში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ეს შევიგრძნოთ, რომ ეს ღვთაებრივი სწავლებაა, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ვიცხოვროთ ამ ცნებებით. მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ და შენ თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს ღმერთისგან არის, თუ არ იცხოვრე ამით. მაშინ მოდის ეს ღვთაებრივი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, ყოველგვარი ადამიანური განსაცდელი. მაშინ შემოდის საოცარი დასტური და სიხარული ღვთაებრივი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფემ მრევლს პატრიარქის მილოცვაც გადასცა.

„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას, ლოცვა-კურთხევას და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ შევიგრძნოთ ეს, რომ ეს სიტყვა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის ღმერთის სიტყვა და ვიცხოვროთ ამით. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ არამარტო მარადისობისკენ გაგვეხსნება კარი და გზა, მარადიული სიცოცხლისთვის, არამედ აქვე, მიწიურ ცხოვრებაშიც მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენს გულებში ცათა სასუფეველი დამკვიდრდეს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე“, – განაცხადა მეუფე შიომ.