მეუფე ნიკოლოზი - ვფიქრობ, პრეზიდენტი ღირსეულად მოიქცა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება საინტერესოდ დაასაბუთა
მეუფე ნიკოლოზი - ვფიქრობ, პრეზიდენტი ღირსეულად მოიქცა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება საინტერესოდ დაასაბუთა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, შეწყალების საკითხზე საკუთარი გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოდ დაასაბუთა.

რაც შეეხება იმას, გაუგზავნის თუ არა კვლავ შეწყალებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობას საპატრიარქო პრეზიდენტს, მეუფე ნიკოლოზის თქმით, პრეზიდენტს ერთხელ უკვე მიმართეს.

„ეს თამაში არ არის, პრეზიდენტს ერთხელ მივმართეთ და გასაგები იყო მისთვის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენთვის გასაგებია პრეზიდენტის დამოკიდებულება. ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად მოიქცა. მგონია, რომ პრეზიდენტმა ძალიან საინტერესოდ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ბევრი ღირსეული ადამიანი იხდის სასჯელს და ბევრი დაუმსახურებლად. ასე რომ, ეს სამწუხაროდ არა მარტო ჩვენს რეალობაში, ეს ხდება ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ღირსეულად იხდის ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს, ამ შემთხვევაში, თქვენ ვერც ერთი ვერ მეტყვით, რა დანაშაულისთვის ზის დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში, არავინ  იცის, იცით რატომ არ იცის? იმიტომ რომ საბრალდებო დასკვნას ჩვენს ვქვეყანაში იცავს კანონი და თუ ასე უნდა, გამოაქვეყნოს, გამოამზეუროს ყველაფერი, თუ ასე მომხრეა ეს საზოგადოება ლუსტრაციის, ყველამ დაიწყოს თავისი თავიდან,  მაშინ დეკანოზ გიორგი მამალაძემ გამოაქვეყნოს საბრალდებულო დასკვნა და შემდეგ გავაგრძელოთ ეს საუბარი“ ,- განაცხად მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, იხდის თუ არა უსამართლოდ გიორგი მამალაძე სასჯელს, მეუფე ნიკოლოზმა ასე უპასუხა: „მე ვიყავი პირველი, რომელმაც ხმა აიმაღლა და ახლაც წინააღმდეგი ვარ, რომ სასულიერო პირი იხდის სასჯელს“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში, და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ  კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.