მეუფე ნიკოლოზი - იესო ქრისტეს მალე მოსვლა არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად
მეუფე ნიკოლოზი - იესო ქრისტეს მალე მოსვლა არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად

იესო ქრისტეს მალე მოსვლა არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ქადაგებისას ნათქვამს გამოეხმაურა.

„მინდა, გაგახსენოთ სიტყვები ჩვენი პატრიარქის, რომელმაც ზოგიერთ ადამიანში დიდი გაუგებრობა და შიში გამოიწვია. ცოტა ხნის წინ მან ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე შეიძლება საათები არის დარჩენილი და ამან გამოიწვია შეძრწუნება საზოგადოებაში.

სახარებაში არის ასეთი ადგილი: როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში და როდესაც მეფე იროდის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთისა, იშვა ქრისტე, შეძრწუნდა მეფე იროდი და მთელი იერუსალიმი შეძრწუნდა მასთან ერთად. რამ შეაძრწუნა იერუსალიმი, რატომ შეშინდა იერუსალიმი, ქრისტე მოვიდა, მხსნელი სოფლისა.

სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ჩვენ გვითხრა შეფარული სახით და ეს სწორედ ეხება დღევანდელ დღეს. იესო ქრისტეს მალე მოსვლა არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ბრძენი ქალწულების მსგავსად და არ უნდა მოვიქცეთ სულელი ქალწულებივით, რომლებმაც როცა გაიგეს, მაშინ დაიწყეს მზადება, მაშინ წავიდნენ ზეთის საყიდლად. ჩვენ პატრიარქმა გვითხრა, რომ მზადყოფნა უნდა იყოს ჩვენი და სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ აღმოჩნდა მზად ამისთვის. მე არ ვიცი ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები, მოწყალების საქმე, სარწმუნოების საქმე, რომ მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად.

ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად. ჩვენი პატრიარქი ამითი ჰგავს ძალიან სვიმონ მიმრქმელს. ღმერთმა ინებოს, რომ მოხდეს ეს შეხვედრა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენმა პატრიარქმა სრულიად საქართველო შეახვედროს მომზადებული უფალსა ჩვენსა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.