მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დამცველს პანსიონში, თუმცა წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე, საუბარია მხოლოდ სახალხო დამცველზე და არა მის აპარატზე, რომელიც არის დეპერსონალიზებული
მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დამცველს პანსიონში, თუმცა წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე, საუბარია მხოლოდ სახალხო დამცველზე და არა მის აპარატზე, რომელიც არის დეპერსონალიზებული

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა ადრე ჰქონდათ.

მისივე თქმით, აპარატის წარმომადგენლები მხოლოდ ორი თვის წინ არ შეუშვეს, რასაც გარკვეული საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როგორც აქვს ინფორმაცია, ბავშვების მიმართ უხერხული კითხვები ისმებოდა.

„სახალხო დამცველის აპარატის წევრები არ შეუშვეს ორი თვის წინ, თორემ ადრე შედიოდნენ პანსიონში. მის მიმართ გაჩენილი ეჭვები არის არ შეშვების საფუძველი. რამდენადაც მეუფე სპირიდონიდან ვიცი, უხერხული შეკითხვები დაუსვეს ბავშვებს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ უნდა იყოს სახალხო დამცველის უფლებები შეუზღუდავი და განუსაზღვრელი. ჩვენ შეგვაქვს ეჭვი მათ კეთილგანწყობასა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების ლეგიტიმურობაში. ჩვენ გვინდა, გავარკვიოთ, ვინ არის სახალხო დამცველის ზედამხედველი ორგანო, რომ ჩვენი პრეტენზიები წავაყენოთ და შევთანხმდეთ საკითხებზე. ჩვენ არ შევუშვით და რატომ არ აღასრულეს მისი ეს უფლება, თუ ეს ასეა. პარლამენტმა რეაგირება ხომ უნდა მოახდინოს ამაზე, არ შეიძლება, ვიღაცამ დაგვისვას შეკითხვა, რატომ არ ვუშვებთ, შეგვეკითხონ ეს იმათმა, ვისაც აქვს ამის დასმის უფლება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წევრების პანსიონში არ შეშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებიდან არავინ გამოხმაურებიათ.

„როგორც ვიცი, მთავრობამ არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ახლა ფიქრობენ, რომელ ინსტანციაში იჩივლონ. იჩივლონ და გაირკვეს სამართლებრივად, ჩვენც ეს გვინდა. ვფიქრობ, არ შეშვებაზე სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნებოდა რეაგირება, ჩემთვის უნდა ეთქვათ, რადგან ეპარქიის მმართველი ვარ, მაგრამ არავინ არ ყოფილა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება კითხვას, „გქონდათ თუ არა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით და რა დეტალებია თქვენთვის ცნობილი?“, – მეუფე ნიკოლოზი პასუხობს: „არც ახლა ვიცი და არც თქვენ არ იცით“.

„მხოლოდ ნინო ლომჯარიას ნათქვამი ვიცით და ტელევიზორში მისი ერთი ნათქვამი სრულებით არაფერს ნიშნავს. არ ვიცი ამის შესახებ. თვითონ თუ იცოდა? რატომ გაიგო ახლახანს სახალხო დამცველმა ეს, თუ ის უფლებამოსილია, გამოითხოვოს საქმე საგამოძიებო უწყებიდან, აქამდე რატომ არ გააკეთა?

არაფერი არ ვიცი ამის შესახებ, პირველად გავიგე ეს ამბავი, რაც სრულიად, ნამდვილი კოშმარია, თუ ეს ასეა, ამას აუცილებლად გავარკვევთ. თუ ეს სისხლის სამართლის საქმეები მართლა არის აღძრული, მაშინ ამას ახლა რატომ ვიგებთ? არ მაქვს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2016-2021 წლებში გამომძიებლები ყოფილიყვნენ მოსულები და ბავშვები დაეკითხათ.

ასე რომ ყოფილიყო, უნდა მქონოდა ინფორმაცია. მე ვერ დავდებ თავს, ჩუმად ვინ, სად დაკითხეს, ჰიპოტეტურად რა გითხრათ, მაგრამ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეს არის ყურმოკრული ინფორმაცია და მე თუ დავრწმუნდები, რომ ეს ასეა, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას, რაც შემიძლია საეკლესიო ხერხებით“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე განმარტებით, მეუფე სპირიდონთან ბოლო ორი დღის განმავლობაში არ უსაუბრია.

„განვილილი ორი დღის განმავლობაში არ მინახავს, რადგან გამორთული აქვს ტელეფონი, ვერ დავუკავშირდი. რა თქმა უნდა, მინდოდა საუბარი. მანამდე ვესაუბრე, თუმცა მაშინ არ იყო ასეთი ამბავი ატეხილი. რაც ეს ამბავი ატყდა, ვერ დავუკავშირდი, თუმცა მგონია, რომ ძალიან მალე გაირკვევა.

ჩვენ აუცილებლად შევუშვებთ სახალხო დმაცველს, მაგრამ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ პროცედურაზე. ჩვენ მის საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მხოლოდ სახალხო დამცველზეა ლაპარაკი და არავითარ შემთხვევაში მის აპარატზე, რომელიც არის დეპერსონალიზებული და ხან ერთი გამოდის, ხან მეორე, რას აპირებენ, კაცმა არ იცის, ეჭვია მათ მიმართ, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევიან. სახალხო დამცველს შევხვდები და ძალიან ვეცდები, რომ პირადად შევიყვანო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.