მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მინდა, ჩვენ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერი დავა სამართლებრივი წესით გადაიჭრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და ეს განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება.

„მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ისევ სამართლებრივი წესით შეიძლება ამ განაჩენის გასაჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით. ეს ჩანაწერი მეუფე სპირიდონის მიერ იყო გადაღებული, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა, სადაც აღელვებული ბავშვი ამბობს, რომ არსად წასვლა არ უნდა. ამ ჩანაწერში, ცხადია, დარღვევები იყო, რადგან ბავშვების სახე არ იყო დაფარული, ბავშვი აღელვებული ჩანდა. მეუფე სპირიდონმა ვერ გადაიღო ისე რომ, გამოჩენილიყო თუ რა იყო აღელვების მიზეზი. ეს დარღვევაა და საკმარისი აღმოჩნდა, რათა მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო, რომელიც, ჩემი აზრით, ნაჩქარევი და არასწორია. წაიკითხეთ სასამართლოს განჩინებაში და ორგანიზაციაში, ვინც იჩივლა, რაც მოგიყევით ზუსტად ეს წერია. ბოლო ორი დღეა, თითქმის უწყვეტ რეჟიმში კამერების წინ ვარ, რათა ეტაპობრივად მომეყოლა, რა ხდებოდა პანსიონში. ამ წუთასაც არის სახალხო დამცველების ჯგუფი და ჩვენ წინასწარ შევთანხმდით პროცედურულად რა და როგორ მოხდებოდა. მათი მოთხოვნა იყო, რომ რამდენიმე ღამე პანსიონში დარჩენილიყვნენ. ჩვენ ასეთი პირობა შევუქმენით, იცხოვრონ იქ, იმუშაონ რამდენი ხანიც დასჭირდებათ და მათი თანდასწრებით შეუძლებელია, კიდევ რაღაც ეჭვები აღიძრას. იმდენი სოცმუშაკია, რამდენიც საჭიროა. მე თავად ვიყავი ჩასული, ყველას ვესაუბრე და ბავშვის ფსიქოლოგები არიან ჩამოსულები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებს შეკითხვები არასტრესულ ვითარებაში დაუსვან“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგი განცხადება გავრცელდა.

„პანსიონში თუ რაიმე ტიპის დაბრკოლება წარმოიშვა, თუ სახალხო დამცველი შესვლას ითხოვდა, არ უშვებდნენ და ეს კანონდარღვევაა, მაგრამ კანონდარღვევაც სამართლებრივი დავაა. პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს, არც ერთ სახალხო დამცველს, ომბუდსმენი დაახლოებით 1.5-2 წლის წინ იყო ჩემთან ეპარქიაში, მონიტორინგი ჩაატარა და შევხვდით. მივიჩნევ, რომ კარგი შეხვედრა გვქონდა და მსგავსი არაფერი მას არ უთქვამს. როგორც კი ჩვენს ყურამდე მოვიდა, შეიქმნა საპატრიარქო კომისია და შევუშვით, რა თქმა უნდა, სჯობს ყველაფერი გახსნილი იყოს, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ერთია, რა ხდება ბავშვთა სახლში და მეორეა, როგორ იქცევიან სახალხო დამცველები და თუ მათ მიმართ ეჭვია ესეც სამართლებრივად უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დარღვევები და გადაცდომები იყო, მაგრამ ძირითადად აღმზრდელების გაშვება ხდებოდა, ვიდრე ეს ბავშვთა სახლი მის ეპარქიაში გადავიდოდა.

„თითქმის 18 წელია, წმინდა სინოდზე მოვითხოვე, რომ მეუფე სპირიდონი ყოფილიყო, ეს მოთხოვნა სინოდმა დამიკმაყოფილა და ამ პერიოდში, როგორც ვიცი, შედარებით სტაბილური გახდა. 18 წლის წინ ეს დარგი და ეს სფერო ასეთი განვითარებული არ იყო, რომ მშობლის ზრუნვამოკლებულ სახლში იდეალურად ყოფილიყვნენ აღზრდილები. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სახის დარღვევები შეიძლება ყოფილიყო, არ არის გამორიცხული რომ, გარკვეული ტიპის ფიზიკური ძალადობა ყოფილიყო, რადგან ლაპარაკია, 18 წლის წინ რა ხდებოდა სხვაგან. დღევანდელი გადასახედით კი არ ვამართლებ, მაგრამ სტანდარტები აბსოლუტურად სხვა იყო და მაშინ საკმარისი იყო გაეთავისუფლებინათ ასეთი აღმზრდელი. ბავშვებს ყურს აუწევენ, თუ მუხლებზე დააყენებენ, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მაშინ სხვანაირი სტანდარტები იყო, დაიხვეწა ეს სტანდარტები, განვითარდა, დღეს სხვანაირად ვცხოვრობთ და კარგია, რომ ასეა. აქ ლაპარაკია იმ პერიოდზე, როცა ის ზესტაფონში იყო. რამდენიმე ბავშვი იმასაც ამბობს, რომ ახლაცაა, მაგრამ რასაც ეს ბავშვები ამბობენ, მე არ მსმენია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, აღსაზრდელებს მშვიდ ვითარებაში ესაუბრა და ყველაფერი გამოკითხა.

„ოდნავ მაინც რაიმე ეჭვი რომ გამჩენოდა, მერწმუნეთ, აქამდე არ მოვიდოდა საქმე, ამაზე ლაპარაკი კამერების წინ არ დამჭირდებოდა, მე თვითონ მოვახდენდი რეაგირებას, პატრიარქს ჩავაყენებდი საქმის კურსში, რაიმე ასეთი რომ ყოფილიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ ექვსი თუ რვა ბავშვია შშმ იქიდან გამოსაყვანი, რადგან იჩივლა იმ ორგანიზაციამ, რომელიც ასეთ ბავშვებზე ზრუნავს, იმიტომ კი არა, რომ მათ ცუდად ექცევიან. აღმზრდელებთან კითხვები მე არ უნდა მქონდეს, რადგან მე არ მაქვს წვდომა და რესურსი, რომ იქ დავრჩე, ვიცხოვრო და მშვიდ გარემოში ვესაუბრო აღმზრდელებს, ამას სოცმუშაკები აკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, მეუფე სპირიდონის დანაშაული, ის იყო პოლიტპატიმარი, დისიდენტი, ოღონდ ვიდრე ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა. მეუფე სპირიდონს ასეთი დანაშაული აქვს, შედიოდა საბჭოთა სკოლებში, აბა ადექით ბავშვებო, ადგებოდნენ, მოიხსენით ყელსახვევები, დაყარეთ, დააბიჯეთ ფეხები და ამის გამო იყო დევნაში“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

ამასთან, დღეს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება.