მეუფე გრიგოლი - იმედი მაქვს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლო  გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე
მეუფე გრიგოლი - იმედი მაქვს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლო  გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე

იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც მეუფე გრიგოლმა განაცხადა, ბავშვების საკითხს პასუხისმგებლობით სჭირდება გაძღოლა.

„რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ აი, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება, რადგან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. აი, ასეთი რამ გვემართება ხოლმე, ამიტომ ის, რომ სასამართლოს მიუღია დადგენილება, იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. თუ უწესრიგობაა, მივესალმები წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორდეს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის კარი, რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

„დღეს ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი, შემოწმება ტარდება. ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ ვერაფერს გაიგებ. იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება საქმე აქამდე არ მისულიყო, კარი თავის დროზე რომ გაეღოთ. ქართული გამოთქმა არის – „ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო“, ეს კარები სამართლიანად იყო დახურული თუ უსამართლოდ, ფაქტი ერთია, ამან ძალიან ბევრი ეჭვი აღძრა და დაძაბა საზოგადოება“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხზე სინოდის კრების მოწვევა არ არის მიზანშეწონილი.

„ეკლესიაში არის საკითხები, რომელიც ითხოვს განსჯას, მსჯელობას, მაგრამ ამ წუთას ცოტა არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეს რეალობაა, ამაში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის. ჩვენი უწმინდესი, კათოლიკოს-პატრიარქი სუსტად გრძნობს თავს და თავისთავად ცხადია, სინოდის მოწვევა და ამ მასშტაბებში საკითხების შესწავლა, ძნელად წარმომიდგენია სამწუხაროდ“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.

ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.