მეუფე დანიელი - ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს
მეუფე დანიელი - ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს

ჭეშმარიტი ქართველი ქალი თავისი ლოცვით, სიყვარულით მალამოდ ედება ოჯახისა და ერის წყლულებს, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, საქართველო მენელსაცხებლე დედების სიმრავლით გამოირჩევა.

„როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, თითქმის ყველა მოწაფე მამაკაცი გაიფანტა. ჯვარცმულ ქრისტესთან იყო მხოლოდ იოანე ღვთისმეტყველი და იყო იოსებ არიმათიელი. ეს არის ზეიმი ქრისტეს ერთგული მოწაფეებისა. საოცარია, რომ ამ მოწაფეების უმრავლესობა ბრძანდებიან ქალბატონები და ეს არის ქრისტიან დედათა დღესასწაული. ყველა დედას, ქალბატონს ვულოცავთ ამ დღესასწაულს, რომ ერთგულება მათაც, მენელსაცხებლე დედების მსგავსად დაიცვან და შეძლონ ამ ერთგულების მიბაძვა.

საქართველო გამოირჩევა მენელსაცხებლე დედებით. დღევანდელ დღესასწაულში ასევე აღინიშნება თამარ მეფის ხსენება, როგორც მენელსაცხებლე დედის, რომელმაც საქართველოს მრავალვნებულ და მრავალი წყლულით დამძიმებულ სხეულს თავისი თავგანწირვით მალამო აცხო. ეს არის მენელსაცხებლე დედათა მისია, ასეთი იყო ქართველი დედა და ასეთი არის ჭეშმარიტი ქართველი ქალი დღეს, რომელიც თავისი ლოცვით, თავისი სიყვარულით, თავისი თავის უარყოფით, მალამოდ ედება თავისი ოჯახის და ერის წყლულებს.

მინდა, ყველა ქალბატონი დავლოცო საქართველოში აქ მყოფი საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომეს, იგივე ნინოს მეთაურობით, რადგანაც ეს დედათა მისია გამორჩეულია საქართველოს ეკლესიაში. ეს არის მისია, რომელიც ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას გვაზიარა. წმინდა ნინომ დააგვირგვინა ანდრიას ქადაგება და მისი ლოცვის და ქადაგების შედეგად საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

მეფეთა შორის უდიდესი, რომელმაც შეიძლება ითქვას, დავით აღმაშენებლის მიერ აღორძინებული ქვეყანა დიდების მწვერვალზე აიყვანა ეს არის მეფე თამარი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მოწამეთა ქვეყანა, მოწამეთა შორის ურჩეულესი მოწამე არის დედოფალი ქეთევანი. ამ მაგალითებზე იზრდებოდა ჩვენი ერი. ამიტომ თქვა წმინბდა ილია მართალმა საქართველოს შესახებ, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის”, – განაცხადა მეუფე დანიელმა.