მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასი ახალი წლიდან გაიზრდება
მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასი ახალი წლიდან გაიზრდება

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 2019 წლის იანვრიდან ხელფასები 10-15%-ით გაეზრდებათ. მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა ამ თემაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათ მადლობა გადაუხადეს პროფკავშირების გაერთიანებას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ დაეხმარნენ ივნისში, გაფიცვის დროს.

„ასევე, მადლობას ვუხდით თბილისის მოსახლეობას, ჩვენს მგზავრებს პრობლემის სწორად აღქმისთვის და აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გაფიცვის დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. ასევე, კომპანიის, მერიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც სწორად გაიგო ჩვენ მიერ დასმული პრობლების არსი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი მოგვარებისთვის“, – განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე.