მეტრო დღეს, 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, 12-13 აპრილს კი სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 20:00 საათამდე უფასოდ იმოძრავებენ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე, – ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, მერაბ მამულაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„კერძოდ, დღეს, 11 აპრილს 24:00 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 04:00 საათამდე. ამასთან, 11 აპრილის 23:00 საათიდან, გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო“, – აღნიშნა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 ჩათვლით იმოძრავებენ და ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით მომსახურება უფასო იქნება.
როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ტრანსპორტი იმოძრავებს სხვადასხვა პუნქტიდან, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადია.
„„დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება, როგორც მუხადგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება მეტროსადგური „სარაჯიშვილიდან“.
კუკია-მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება, როგორც სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან.
ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო „ვარკეთილიდან“, ასევე მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლებაა. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ „დელისიდან“ იმოძრავებენ.
ვაკის სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი ისედაც ინტენსიურად მოძრაობს, შესაბამისად, დამატებით სპეციალური მარშრუტები საჭიროებას არ წარმოადგენს. ასევე, ვერეს სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი სამუშაო დღის განრიგით არის გათვალისწინებული.
ავჭალის სასაფლაოს მიმართულებით, იქ, სადაც მარშრუტები მოძრაობს, ასევე გაძლიერებული შემადგენლობით არის გათვალისწინებული. თბილისის ზღვას დამატებით ემსახურება მარშრუტი ნომერი 360, რომელიც გადასასვლელი ხიდიდან პარალელურად ემსახურება ამ ნაწილს.
ამ საკითხებში ჩართული იქნებიან როგორც თვითონ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომ ოპერირება გაუწიონ, ასევე ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ და დღესაც ვიმედოვნებთ, რომ საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად შეეცდება, გზაზე შეუფერხებელი მოძრაობა იყოს. მხოლოდ სპეციალური მარშრუტები იქნება უფასო, რომლებიც მე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მამულაშვილმა.