მეტოქეები | საქართველოში ჩამოსვლამდე ნორვეგია ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები დაუპირისპირდნენ – ესპანეთის ნაკრებმა მალაგაში ნორვეგიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ესპანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით პირველად ითამაშეს, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს და მე-13 წუთზე დანი ოლმოს გოლით დაწინაურდნენ. ნორვეგიას გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ტაიმი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
ესპანელებმა მეტოქე მატჩის მიწურულს გატეხეს – შეცვლაზე შესულმა ხოსელუმ ორწუთიან მონაკვეთში, 84-ე და 85-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და „ფურია როხას“ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოუტანა.
ჩვენი ჯგუფის პირველი მატჩი გლაზგოში გაიმართა, სადაც შოტლანდიის ნაკრებმა „ჰემპდენ პარკზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები კი პირველ მატჩს 28 მარტს ჩაატარებს – ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.