მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„იბრაჰიმ რაისი იყო ირანელი ხალხის რეპრესიების სასტიკი მონაწილე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ის მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვან, საშინელ დარღვევაში, მათ შორის, ასრულებდა მთავარ როლს 1988 წელს ათასობით პოლიტპატიმრის არასამართლებრივ მკვლელობაში. ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი დარღვევა მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს, განსაკუთრებით ქალთა მიმართ უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის ნებისმიერი დანაკარგის გამო. არ გვინდა, ვნახოთ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ვინმე დაიღუპება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ, როგორც ირანის პრეზიდენტს, მას ხელები სისხლიანი ჰქონდა. ჩვენი ფუნდამენტური მიდგომა ირანის მიმართ არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ გავაგრძელებთ ირანის ხალხის მხარდაჭერას, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თავიანთი მისწრაფებები ღია, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ“, – განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, ირანმა დახმარება სთხოვა ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა, მაგრამ აშშ-მა ლოგისტიკური მიზეზების გამო დახმარების გაწევა ვერ შეძლო.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას ჩვენი სანქციების რეჟიმისთვის. ირანის მთავრობამ გამოიყენა თავისი თვითმფრინავი აღჭურვილობის გადასაზიდად ტერორიზმის მხარდასაჭერად, ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სანქციების რეჟიმის აღსრულებას. საბოლოო ჯამში, ირანის მთავრობაა პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე, რომ გაფრენილიყვნენ 45 წლის ვერტმფრენით“, – აღნიშნა მილერმა.