მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უკრაინაში მდგომარეობა უიმედო არ არის და ახლოსაც არ არის იმ სირთულესთან, როგორც საქართველოშია
მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უკრაინაში მდგომარეობა უიმედო არ არის და ახლოსაც არ არის იმ სირთულესთან, როგორც საქართველოშია

საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე და რუსეთი იქიდან არასდროს გავა, – ამის შესახებ უკრაინული ტელეარხის „ესპრესოს“ ეთერში ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ მიწვეულმა მეთიუ ბრაიზამ უკრაინაში რუსეთის ქმედებების განხილვისას პარალელები საქართველოსთან გაავლო.

„ვფიქრობ, თავდაპირველად მინსკის ფორმატი საშინელება იყო და უკრაინას ის თავს მოახვიეს. მინსკი-2-ის შეთანხმებები თითქმის იმაზე უარესი იყო, რომლის გადაყლაპვაც საქართველოს მოუწია, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზის მონაწილეობით, რადგან მათ ფაქტობრივად დააკანონეს ძალის გამოყენების შესაძლებლობა დონბასის პოლიტიკური სტატუსის ცვლილებისთვის და დააკანონეს რუსეთის უკანონო სამხედრო ქმედებები. თავის დროზე, მაშინდელ მინისტრ შტაინმაიერთან მუშაობისას, ვნახე თუ როგორ სურდათ მას და ფრანგებს, ასევე ზოგიერთს ბრიტანელებიდან, რომ ქართულ მხარეს დაეთმო რუსეთის ზეწოლისთვის და ამით პრობლემა გადაიჭრებოდა. ვშიშობ, რომ ზუსტად იგივე ხდება ახლა უკრაინასთან“,- აცხადებს ბრაიზა.

თუმცა მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში ვითარება ჯერ კიდევ არ არის ისე შორს წასული, როგორც საქართველოს შემთხვევაშია.

„ისევ და ისევ, ის, რასაც რუსეთი აკეთებს, იგივე გეგმაა, როგორიც მანამდე საქართველოში. მათ გამოიყენეს ძალა, მიიტაცეს მიწები, დე-ფაქტოდ მაშინ მათ თითქმის განახორციელეს სამხრეთ ოსეთის ანექსირება, აკონტროლებენ აფხაზეთს, შემდეგ კი სთავაზობენ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მოქმედებს უკვე ისე, რომ რუსეთი უკვე აგრესორი აღარაა, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილს შესთავაზეს მოეწერა ხელი სეპარატისტებთან სამშვიდობო შეთანხმებაზე . მთავარი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთის რეპუტაცია ჩამორეცხილიყო და ევროპელები და დანარჩენი მსოფლიო მოტყუებულიყვნენ, საქართველო გამოეყვანათ აგრესორი, მაშინ როდესაც ზუსტად რუსეთმა დაიპყრო ისინი. ვშიშობ, სწორედ ეს სცენარი ვითარდება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში.

თუმცა სიტუაცია უიმედო არ არის და ახლოსაც არ არის იმ სირთულესთან, როგორც საქართველოშია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ვსტუმრობდი, მოვინახულე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხაზი და ვნახე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბაზა საზღვრის სიახლოვეს და ამ ყველაფერმა მაიძულა მეფიქრა, რომ საქართველომ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიებზე და რუსეთი იქიდან არასდროს გავა“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

დატოვე კომენტარი