მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაციას იოსებ ჭელიძე, სოზარ სუბარი და თემურ მღებრიშვილი ადგილზე გაეცნენ

14:16, 21.11.2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხევრალისა და ცხუმარის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის შვიდი კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერების ლიკვიდაცია უსწრაფესად შეძლეს.

„მესტიის რაიონში ჩამოსული იყო 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც მართლაც მიუდგომელ ადგილებში, სადაც უბრალოდ მისვლა და ფეხით დადგომაც ჭირდა, შეუძლებელი შეძლეს და ძალიან სწრაფად – ორი დღის განმავლობაში მოახდინეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამ დროისათვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის და სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

მსგავსი