მესტიის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მესტიის აეროპორტის მოქმედი ტერმინალი მცირე ზომისაა და გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში არსებულ მოთხოვნას სრულად ვეღარ პასუხობს. ახალი ტერმინალის მშენებლობა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების პირობებს და აეროპორტს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მესტიის აეროპორტის განვითარების პროექტი რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია. მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, სვანეთში საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და რეგიონში ტურისტული და საქმიანი ნაკადების განვითარებას.
ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი კომპანია Green Studio-მ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულია სვანეთის კლიმატური პირობები, ადგილობრივი არქიტექტურის თავისებურებები და არსებული ინფრასტრუქტურა.
სატენდერო წინადადებების წარდგენა 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.