მესისა და მბაპეს საოცარი დუელი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
მესისა და მბაპეს საოცარი დუელი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

36-წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.

 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და, ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.

მატჩის დაწყების პირველივე წუთებიდან არგენტინელების უპირატესობა გამოიკვეთა. სამხრეთამერიკელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდნენ, მოედნის ცენტრში დომინირებდნენ და ფრანგების კარს სახიფათოდ უტევდნენ. 21-ე წუთზე დი მარია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დემბელე შესანიშნავი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არგენტინელი წააქცია და ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესიმ შეასრულა და არგენტინელებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა -1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები კვლავ მეორე ნომრად თამაშობდნენ და კარში ან კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ. ინიციატივა არგენტინელებს ჰქონდათ და მოედნის ცენტრში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალევე მეორე გოლად აქციეს. ერთ-ერთი შეტევისას, ალვარესმა მაკალისტერს შესანიშნავი პასი მისცა, რომელმაც დი მარიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0.

მატჩის მეორე ნახევარში ფრანგები შედარებით გააქტიურდნენ და თამაშის გადარჩენას შეეცადნენ. მართალია, ევროპელები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ მათი შეტევები სახიფათო არ იყო, ბურთს კარის ჩარჩოში კვლავ ვერ ახვედრებდნენ. თუმცა, ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს და ფინალს ინტრიგა დაუბრუნეს. 79-ე წუთზე, ერთ-ერთი შეტევის დროს, ოტამენდმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშა და არგენტინელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ ძლიერი, ზუსტი დარტყმით გოლად აქცია – 2:1. ზუსტად ორ წუთში (81) ფრანგებმა მორიგი სახიფათო შეტევა წამოიწყეს და კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კილიან მბაპემ მეორე გოლი გაიტანა – 2:2.

დრამატული, სანახაობრივი და უხვგოლიანი ფინალური მატჩის ძირითად დროს არბიტრმა 8 წუთი დაამატა, რომელმაც ორმხრივ სახიფათო შეტევებსა და მაღალ ტემპში ჩაიარა, მაგრამ ანგარში აღარ შეცვლილა.

დაინიშნა დამატებითი დრო და 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – 3:2 არგენტინის სასარგებლოდ.

თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატების ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში სიტუაცია კვლავ ელვის სისწრაფით შეიცვალა. 118-ე წუთზე არგენტინის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მბაპემ შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა – 3:3. კილიან მბაპე რვა გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

მეორე დამატებითი დროც დასრულდა და დრამატული ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. არგენტინამ პენალტებში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.