„მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) მოთამაშე „ინტერ მაიამი“ კვლავინდებურად ცდილობს არგენტინელი ლიონელ მესის გადაბირებას, – წერს გამოცემა The Athletic.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის მამა ხორხე მესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MLS-ის კლუბთან, რომლის თანამფლობელიცაა ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი. აღნიშნავენ, რომ მხარეებმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მოლაპარაკებები აქვს არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ფრანგული კლუბი 35 წლის მესის სთავაზობს ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გარდა ამისა, მესის ყოფილი კლუბი „ბარსელონა“ არ გამორიცხავს ფორვარდის დაბრუნებას.