„ბარსელონამ“ ლა ლიგაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. კატალონიურმა კლუბმა შინ „ოსასუნა“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა (4:0).
ანგარიში 29-ე წუთზე ბრაითვაიტმა გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს გრიზმანის გოლი მოჰყვა.
მეორე ტაიმის პირველ ნახევარში სხვაობა სამამდე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კოუტინიომ გაზარდა. მატჩის ყველაზე გამორჩეული მომენტი კი 73-ე წუთზე მოხდა, ლიონელ მესიმ „ოსასუნას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ბარსელონას“ ლა ლიგაში 9 თამაშში 14 ქულას აქვს მოპოვებული და მე-7 ადგილზე იმყოფება.