მესი და დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებენ
მესი და დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებენ

ლიონელ მესი და ფრენკი დე იონგი კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებენ. „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ორივე ფეხბურთელს დასვენება სჭირდება.

კატალონიურმა კლუბმა ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, მესიმ და დე იონგმა კი ყველა თამაშში მიიღეს მონაწილეობა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა არგენტინელი ფეხბურთელი „რეალ ბეტისთან“ მატჩში მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა.

„ვფიქრობთ, რომ საუკეთესო დროა ლეოს და ფრენკის დასასვენებლად. ორივე ფეხბურთელმა „ბარსელონას“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მათ სანაკრებო პაუზის დროსაც მოუწიათ თამაში. ზოგჯერ საჭიროა მოუფრთხილდე ფეხბურთელებს, რადგან მატჩების კალენდარი დაუჯერებელია. დროა ფიფა და უეფა ამაზე დაფიქრდეს“, – განაცხადა კუმანმა პრესკონფერენციაზე.

კუმანის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე 3 მატჩში 9 ქულა აქვს მოპოვებული და შესაბამისად ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

კიევის „დინამოსა“ და „ბარსელონას“ შორის შეხვედრა ხვალ, 24 ნოემბერს, ღამის 12 საათზე გაიმართება.