პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „PlanetRugby“-მ „რაგბი ჩემფიონშიფი“-ს მე-3 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესოთა თხუთმეტეული უმაღლესი კლასის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული – გუნდში ცხრა ახალ ზელანდიელია, სამ-სამი ავსტრალიელი და არგენტინელი, ხოლო სამხრეთ აფრიკელები კი ამ კვირაში წარმომადგენლის გარეშე დარჩნენ.
15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია): ბენ სმიტის თამაშისას მის ფიზიკურ მონაცემებზე მეტად სათამაშო ინტელექტი გაგაოცებთ და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური მონაცემები მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აქვს. არგენტინის წინააღმდეგ მან ბურთით ხელში 85 მეტრი მოიგო, ხაზი სუფთად ორჯერ გაჭრა და შვიდ მცველს გასცდა. კარგი მატჩები ჰქონდათ ემილიანო ბოფელის და დეილ ჰეილეტ-პეტისაც, მაგრამ ბენ სმიტი მე-3 ტურის შეხვედრაში უბრალოდ შეუდარებელი იყო.
14. ნეჰე მილნერ-სქადერი (ახალი ზელანდია): ნეჰე ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ის თუ რამდენაც ძლიერია მილნერ-სქადერი შეტევაში რაგბის ყველა გულშემატკივარმა იცის – მან ხაზი სუფთად ორჯერ გაჭრა და 48 მეტრი მოიგო. იგი გამორჩეულად კარგი იყო დაცვაშიც, მან ცხრა ბოჭვა გააკეთა და არც ერთი არ გაუფუჭებია.
13. ჯეკ გუდჰიუ (ახალი ზელანდია): ახალგაზრდა „ქრუსეიდერმა“ მორიგი შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზა. ერთ-ერთ წინა სიმბოლურ ნაკრებში ამ პოზიციაზე მისივე თანაგუნდელი და კონკურენტი, ანტონ ლიენერტ-ბრაუნი მოხვდა და გასაკვირი არაა, რომ მსგავსი კონკურენციის პირობებში ორივე მორაგბე სწრაფად პროგრესირებს. მან საკუთარ გუნდს 56 მეტრი მოუტანა და დაცვაშიც უშეცდომოდ იასპარეზა.
12. მეტ ტუმუა (ავსტრალია): მეტ ტუმუა სამხრეთ აფრიკელების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში უდავოდ ავსტრალიელთა საუკეთესო მორაგბე იყო. სწორედ მის მიერ მეორე ტაიმში შესრულებულმა საჯარიმო დარტყმებმა გადაწყვიტეს თამაშის ბედი.
11. რამირო მოჟანო (არგენტინა): ახალგაზრდა გარემარბმა ტურის საუკეთესო ლელო დადო და ეს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გააკეთა. მისი სტატისტიკა ძალზედ შთამბეჭდავია – 106 მოპოვებული მეტრი, 6 მოტყუებული მეტოქე და სამი სუფთა გაჭრა.
10. ნიკოლას სანჩესი (არგენტინა): მართალია არგენტინა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან დამარცხდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზეს. ნიკოლას სანჩესი საკუთარი გუნდის დირიჟორი იყო და რიჩი მო’უნგას პერსონალური დუელი ცალსახად მოუგო.
9. თიჯეი პერენარა (ახალი ზელანდია): თიჯეი „შავების“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მათ გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. სულ რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ მან მეტოქეს ორი ლელო დაუდო და საკუთარი გუნდი ერთ გაშვებულ ლელოს გადაარჩინა – მისი თამაში მაინც უმაღლესი დონის იყო.
8. ქირენ რიდი (ახალი ზელანდია): ვეტერანი 8 ნომერი კვლავ საუკეთესო ფორმაშია. მასზე ბევრი არაფრის თქმა შეიძლება – რიდი, როგორც ყოველთვის, საუკეთესოა.
7 არდი სავეა (ახალი ზელანდია): მორიგი პოზიცია მრავალთაგან, რომლებშიც ახალი ზელანდიის ნაკრებში დიდი კონკურენციაა. მართალია ავსტრალიის კაპიტან მაიკლ ჰუპერს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, მაგრამ არმინ 21 ბოჭვა გააკეთა, ბურთი წინ 13-ჯერ წაიღო და საკუთარ გუნდს 34 მეტრი მოუტანა.
6. შანონ ფრიზელი (ახალი ზელანდია): მხოლოდ მეორედ მოხვდე „ოლ ბლექის“ შემადგენლობაში და მოიპოვო ადგილი სიმბოლურ ნაკრებში – ადვილი არაა. შანონ ფრიზელმა კი ეს მოახერხა. ახლა უკვე საკითხავია თუ ვინ იქნება „შავების“ ძირითადი 6 ნომერი – შანონ ფრიზელი, თუ ლიამ სქვაირი.
5. ტომას ლავანინი (არგენტინა): არგენტინელ გოლიათს ნაკრებში საუკეთესო თამაში ჰქონდა. მან თავი მოთოკა, დისციპლინას მიხედა და ბევრჯერ არ დაჯარიმებულა. იგი ორ კომპონენტში (ბურთის წინ წაღება და ბოჭვები) საკუთარ გუნდში მეორე ადგილზე იყო.
4. რორი არნოლდი (ავსტრალია): „ვოლაბების“ მხტომელის წინ რთული ამოცანა იდგა – იგი „ქურციკების“ მძლავრ მეორე ხაზელებს უნდა გამკლავებოდა. არნოლდმა საკუთარი შანსი გამოიყენა და მაიკლ ჩეიკას დაუმტკიცა, რომ ნაკრებში ადგილს იმსახურებს.
3. ალან ალაალატოა (ავსტრალია): იგივე ამოცანა იდგა ალაალატოას წინაშეც – სამხრეთ აფრიკელთა შერკინება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ალაალატოამ მაყურებელზეც და სპეციალისტებზეც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი ალბათობით ავსტრალიის ნაკრების ძირითადი მარჯვენა ბურჯი სწორედ ის გახდება.
2. ქოდი ტეილორი (ახალი ზელანდია): მისი სახელის დაწერისას კინაღამ შეცდომა დავუშვით და „დეინ ქოულსი“ ავკრიფეთ. ტრავმირებული კვაჭის ნაცვლად ახალ ზელანდიელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ტეილორმა დაიმკვიდრა და ქოულსს მასზე უმტკივნეულოდ ალბათ ვერც ვერავინ შეცვლიდა. დეინ ქოულსი ტრავმას მალე მოიშუშებს და სტივ ჰენსენს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
1. კარლ ტუ’ინუკუაფე (ახალი ზელანდია): 25 წლის ბურჯმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა უმაღლეს დონეზე. ტუ’ინუკუაფე, რომელიც ცოტა ხნის წინ ღამის კლუბში, დაცვად მუშაობდა, სიმბოლურ ნაკრებში ადგილს ნამდვილად იმსახურებს.