მესამე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ზაზა ნადირაძე - თითოეული ქართველის წარმატება არ არის პირადული, ეს ხდება ჩვენი ქვეყნისთვის #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებმა, ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ – ვერცხლის მედალი, კარატისტმა გოგიტა არქანიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პირველი მედალი მესამე ევროპულ თამაშებზე ზაზა ნადირაძემ მოიპოვა, რომელმაც 200 მეტრზე კანოე სპრინტის ფინალში 39.796 წამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
წარმატებით იასპარეზა კარატისტმა გოგიტა არქანიამ (კუმიტე, +84). მამ დაამარცხა ბოსნიელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები, ნახევარფინალურ შეხვედრა კი თურქ კარატისტთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლერი ხაბელოვი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: „მესამე ევროპულ თამაშებზე პირველი მედლები მოვიპოვეთ. მინდა, მივულოცო ჩვენს გამოცდილ სპორტსმენს, ზაზა ნადირაძეს ეს დიდი წარმატება. ვულოცავ გოგიტა არქანიას, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს. იცით, რომ ეს პირველი მედლებია და ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგებს კიდევ ბევრჯერ გაიმეორებენ“.
ზაზა ნადირაძე – მესამე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი: „პირველ რიგში, მინდა, მივულოცო საქართველოს და ქართული სპორტის გულშემატკივარს ეს წარმატება. თითოეული ქართველის წარმატება არ არის პირადული, ეს ხდება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ოჯახისთვის. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს. ისინი ნელ-ნელა ერთვებიან ასპარეზობაში – მრავალი მედალი, მრავალი გამარჯვება და მრავალი წარმატება!“
თემურ გიგნაძე – სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ღირსეულად იბრძოლა ჩვენმა სპორტსმენმა, გოგიტა არქანიამ, რომელიც ძალიან ტიტულოვანი კარატისტია. სამი ბრძოლა ჩაატარა უმაღლეს დონეზე და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა. უფრო მეტიც გვინდოდა, მაგრამ ასეთი დიდი ღონისძიება ჩვენმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლით რომ დაამთავრა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ძალიან დიდი წარმატება“.
გოგიტა არქანია – მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: „მინდა, მადლობა გადავუხადო მთლიანად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს. ძალიან გახარებული ვარ. მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი. მინდოდა, რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას, მოეპოვებინოს მრავალი მედალი“.