მერსედეს ვერა მარტინი - სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გაჯანსაღებას, სწრაფად უნდა ამოქმედდეს კანონი გადახდისუუნარობის შესახებ
მერსედეს ვერა მარტინი - სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გაჯანსაღებას, სწრაფად უნდა ამოქმედდეს კანონი გადახდისუუნარობის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკმა განახორციელა სავალუტო ინტერვენციები გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად და გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.

მისი შეფასებით, კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერები ეკონომიკის მხარდასაჭერად დროულად გამოთავისუფლდა.

„ბანკებს ეთხოვათ მოსალოდნელი დანაკარგი დაუყოვნებლივ ეღიარებინათ. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა, მისი პოლიტიკა მოქნილად შეცვალოს ვითარების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.

„სტრუქტურული რეფორმების შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში და პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. ხელისუფლებამ სწრაფად უნდა აამოქმედოს კანონი საწარმოთა გადახდისუუნარობის შესახებ“, – აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი და ასევე აღნიშნავს, რომ საბაზისო პენსიის ინდექსირების წესის დამტკიცება გააუმჯობესებს პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცთა შორის.

სსფ-ს მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე, პროგრამის თანხის გაზრდაზე. ქვეყანაში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარე წლის 1-13 აპრილს გამართა. ფონდის ინფორმაციით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად, COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.