მერილენდში, გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციიდან შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს
მერილენდში, გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციიდან შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს

მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით CNN-ი იუწყება. ადგილზე მობილიზებულნი არიან გამნაღმველები.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე კვლავ უარს აცხადებს. ამასთან ერთად, CBS News-ის ცნობით, ბოროტმოქმედმა დაკავებამდე თითები დაიზიანა. შედეგად, სამართალდამცველები მისი იდენტიფიცირებისთვის, თითის ანაბეჭდის ნაცვლად, სხვა, შედარებით ხანგრძლივ პროცედურას მიმართავენ.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაახლოებით 20 წლის, თეთრკანიანი მამაკაცია.

აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გაზეთ Capital Gazette-ს ოფისში ბოროტმოქმედმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 12:30 საათზე გახსნა. შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. თავდასხმის დროს რედაქციაში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.