მერიკო კობერიძე - საგზაო უსაფრთხოებაზე ბავშვებს ინფორმაცია იმდენად სწორად უნდა მივაწოდოთ, რომ მათთვის ყოველდღიური მოთხოვნილება გახდეს
მერიკო კობერიძე - საგზაო უსაფრთხოებაზე ბავშვებს ინფორმაცია იმდენად სწორად უნდა მივაწოდოთ, რომ მათთვის ყოველდღიური მოთხოვნილება გახდეს

საგზაო უსაფრთხოების შესახებ ბავშვებს ინფორმაცია იმდენად სწორად უნდა მივაწოდოთ, რომ ეს მათთვის ყოველდღიური მოთხოვნილება გახდეს, – ამის შესახებ „მერიქს ტაქსის“ დამფუძნებელმა, მერიკო კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბავშვები ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მიმღები არიან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეორიული სწავლება, არამედ კეთებით სწავლება. ხშირად ვხედავთ, როცა ინტენსიურ მოძრაობაში მშობელი ქუჩას წითელ შუქზე ჭრის და ხელში ბავშვი უჭირავს. რადგან ბავშვს მშობელი ვერ ასწავლის, აუცილებელია, ჩაერთოს სახელმწიფო, კვალიფიციური ფსიქოლოგები და ა.შ. ბაღებში დაინერგოს პრაქტიკა, რომ სათამაშო მანქანებით ასწავლონ მოძრაობის წესები. შემდეგ, სკოლებში უნდა გაგრძელდეს ამაზე ინტენსიური საუბარი და კეთებით სწავლება, შემდეგ – უნივერსიტეტებში და შემდეგ, აუცილებელია, სახელმწიფომ აკონტროლოს ავტოსკოლები, რომლებიც დღეს თეორიას გასწავლიან და ეს ყველაფერი იმ ნახევარი საათის გამო კეთდება, რაც გამოცდაზე შესვლიდან გამოსვლამდე გჭირდება“, – განაცხადა კობერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულაციებისა და მაღალი ჯარიმების შემოღება, მერიკო კობერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანებს იმდენად დიდი შემოსავალი არ აქვთ, ამ რისკზე წასვლა უღირდეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც შეგნებაა და შეგნების შეცვლის შემდეგ ჯარიმებით და თითის ქნევით საუბარი აღარ დაგვჭირდება.

„თავიდან, როცა ღვედი შემოვიდა, ამას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა, მაგრამ დღეს „პრივილეგირებული“ ავტომობილების გარდა, გინახავთ ადამიანი, ვისაც ღვედი არ უკეთია? ყველა ცდილობს, ღვედი გაიკეთოს“, – განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფომ მკაცრად უნდა აკონტროლოს ე.წ. პრივილეგირებული ავტომობილების საკითხი, რომ მათი დანახვისას მოქალაქეს უსამართლობის განცდა არ უჩნდებოდეს.

„რადგან თემამ მოიტანა, მინდა, ხაზი გავუსვა ამ საკითხს. ვერ ვხვდები, „შკოდა ოქტავიებს“ რატომ აქვთ პრივილეგია, არ ეკეთოთ ღვედი, ატარონ როცა უნდათ, სადაც უნდათ, გამოიყენონ მანათობლები, როცა არ სჭირდებათ, არ ეჩქარებათ და ა.შ? სახელმწიფომ ეს იმდენად დიდ დონეზე უნდა გააკონტროლოს, რომ „შკოდა ოქტავიების“ დანახვისას უსამართლობის განცდა არ მიჩნდებოდეს“, – განაცხადა კობერიძემ.

მერიკო კობერიძემ ასევე განაცხადა, რომ ავტოკატასტროფები მისი პირადი ტკივილია, რადგან ავარიის შედეგად, ბებია და ბაბუა ერთ დღეს გარდაეცვალა.

„როდესაც საჭესთან დავჯექი, ეს ფაქტი გახდა იმის ფაქტორი, რომ ფრთხილი მძღოლი ვყოფილიყავი და არა აგრესიული“, – განაცხადა მერიკო კობერიძემ.

დატოვე კომენტარი