მერებაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა - კიდევ ერთი ან ორი წელი მინდა ვითამაშო [ვიდეო] #1TVSPORT
მერებაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა - კიდევ ერთი ან ორი წელი მინდა ვითამაშო [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილმა „სანდეცია“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მას პოლონურმა გამოცემა Nafciarski.pl-მა ინტერვიუ ჩამოართვა და ამ ქვეყანაში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.

„თავისუფალი აგენტი გავხდი და მზად ვარ შეთავაზებები განვიხილო. ძალიან კარგად მახსენდება „ვისლაში“ გატარებული პერიოდი, სადაც 5 წელი ვიყავი და უამრავი დადებითი ემოცია მივიღე. პლოცკში ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე და ეს დრო და „ვისლას“ მაისურით გატანილი ყველა გოლი მუდამ მემახსოვრება. მაგალითად, „გურნიკთან“ გატანილი ბურთი, რომლის წყალობითაც ექსტრაკლასაში დავრჩით. კიდევ ერთი ან ორი წელი მინდა ვითამაშო, რადგან თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვარ. კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობა გადავწყვიტე. უკვე ვსწავლობ და ერთ წელიწადში უეფა-ს A ლიცენზიის მფლობელი ვიქნები.

რა თქმა უნდა, „ვისლაში“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი და მენეჯერადაც, რადგან პლოცკი ჩემი მეორე სახლია და იქ დაბრუნება ძალიან გამაბედნიერებს. პლოცკის „ვისლას“ პრეზიდენტთან ძალიან გულწრფელად და უშუალოდ ვისაუბრე. მითხრა, რომ ჩემთვის ამ კლუბის კარი ყოველთვის ღიაა. მსიამოვნებს, „ვისლას“ ბოლო 20 წლის საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელში რომ მოვხვდი. გულშემატკივრებისგან ასეთი დაფასება ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა. ისინი მუდამ გვერდით მედგნენ და მათზე საათობით შემიძლია ვილაპარაკო. გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში იყვნენ და იქნებიან“, – ამბობს გიორგი მერებაშვილი.

ფეხბურთელი ახლა 36 წლის არის. კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო – შემდეგ იყო სერბული „ვოევოდინა“, ბერძნული ოფი, „ვერია“ და „ლევადიაკოსი“, 2016 წლიდან კი პოლონეთში გადავიდა, 5 წელი გაატარა პლოცკის „ვისლაში“, შემდეგ „პოდბესკიძიეში“ თამაშობდა, გასულ სეზონზე კი „სანდეციაში“ ჩაირიცხა. გიორგი 11 წელი (2008-2019) იყო საქართველოს ნაკრების მოთამაშე (32 მატჩი, 2 გოლი).