მარტვილის „მერანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„მარტვილის „მერანს“ გიორგი მანწკავა გაწრთვნის, რომელიც 2011-2012 წლებში მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მადლობას ვუხდით გივი ხელაიას გუნდში გაწეული სამსახურისთვის“, – წერია კლუბის განცხადებაში.
გიორგი მანწკავა 41 წლისაა. კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო და მისი კაპიტანიც იყო. ასევე უთამაშია „ლოკომოტივში“, ბათუმის „დინამოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონში“, სომხურ „ულისეში“, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე.
მარტვილელთა პრესსამსახურის ცნობით, მანწკავას წინამორბედი გივი ხელაია „მერანში“ დარჩება და მუშაობას საფეხბურთო სკოლაში გააგრძელებს.
„მერანმა“ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში, ხობში „კოლხეთთან“ 1:0 წააგო და ათი ტურის შემდეგ ცხრა ქულით მეშვიდე ადგილზეა. მარტვილელები ბოლოადგილოსან თბილისის „ლოკომოტივს“ მხოლოდ სამი ქულით ასწრებენ.