„მერანის“ ბრაზილიელი ლეგიონერი - საქართველოში რასიზმის გამოვლინება ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით
ბრაზილიელ გამოცემა amazonasatual.com.br-თან მარტვილის „მერანის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფელიპე პაიმმა რასისტულ პრობლემებზე ილაპარაკა, მათ შორის, საქართველოში.
მარტვილის „მერანის“ 23 წლის ლეგიონერმა ამის შესახებ კომენტარი „მერანის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გააკეთა.
„რასიზმი ზოგადად მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ეს პრობლემატური თემაა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი – ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ისტორია და კულტურა გააჩნია. მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, ასევე ძალიან ლამაზია მარტვილიც. სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს. მათ შორის ცუდიც და კარგიც. ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროვებდეს. ეს ასე არაა, მე ვგრძნობ ყურადღებას მარტვილის „მერანის“ ქომაგებისგან. ძალიან შეკრული გუნდია და მეგობრებიც შევიძინე“, – ამბობს ფილიპე პაიმი.
მან რასიზმის გამოვლენაზეც ისაუბრა: „რასიზმის ცალკეული გამოვლინება ჩემი მისამართით საქართველოში ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით. მთლიანობაში კი მინდა ყველამ იცოდეს, არ შეიძლება ადამიანები დაიყონ კანის ფერის ან სარწმუნოების მიხედვით. ერთი რამ ნათელია – საქართველოში ყოფნა რომ არ მსიამოვნებდეს, აქ არც ვიქნებოდი. დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. „მერანი“ ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული გუნდია“.
23 წლის თავდამსხმელი ფილიპე პაიმი საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდა და თავიდან „შევარდენი 1906“-ში თამაშობდა, 2019 წელს გორის „დილაში” გადავიდა, ხოლო 2020 წლის დასაწყისში კი მარტვილის „მერანში“ ჩაირიცხა.