მერაბ შარიქაძე - უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან
მერაბ შარიქაძე - უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდე „მსოფლიო რაგბი“ ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფიჯისთან მარცხით გულდაწყვეტილია, თუმცა გუნდს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსოფლიო თასი თავაწეული დატოვოს.

შარიქაძის თქმით, ფიჯისთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, გუნდი მზადაა „მოკვდეს“ ავსტრალიასთან მატჩში. იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, მან პირველად ითამაშა სასტარტო თხუტმეტეულში და ამბობს, რომ ეს თამაში მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო:

„ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ. მაგრამ საბოლოო ანგარიში მხოლოდ დასკვნითი 20 წუთის თამაშს ასახავს და არა სრულის. იყო მომენტები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფერი შეეცვალათ. ვისაც რაგბი ესმის, ისინი მიხვდებიან რას ვგულისხმობ. მაგრამ ვერავის დავადანაშაულებთ, ეს ყველა ჩვენთაგანის ბრალია“.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, რომ იაპონიაში ორი შეხვედრის მოგებით, საფრანგეთის მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. მას კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან:

„ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს – კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეული და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია“.

გამოცდილება უნდა გადავცეთ

ამ მსოფლიო თასმა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი დაგვანახა: ხაზის მოთამაშეები გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე და გელა აფრასიძე; ასევე მორკინალები გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი მელიქიძე, ვანო კარკაძე და ოთარ გიორგაძე, რომელიც ურუგვაისთან საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შარიქაძე, რომელიც თავად 26 წლისაა ამბობს, რომ მსოფლიო თასი ბიჭებისთვის უდიდესი გაკვეთილი იქნება:

„ასაკოვანი მოთამაშეები, მსოფლიო თასის შემდეგ, სავარაუდოდ ნაკრებს დატოვებენ. მე და დანარჩენებმა, რომლებიც ნაკრებში მომავალშიც ვითამაშებთ, უნდა გავითავისოთ ეს ისტორია და მოვემზადოთ შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჯერ კარგად უნდა ვითამაშოთ ავსტრალიის წინააღმდეგ და შემდეგ დავიწყოთ მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის. ჩვენ უნდა გადავცეთ გამოცდილება იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც უფროსებს შეცვლიან“.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი