მერაბ შარიქაძე საქართველოს ნაკრების ახალი წევრების შესახებ - პერსპექტიული ბიჭები არიან, დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს იტყვიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა. ბორჯღალოსნების კაპიტანმა ნაკრების ახალ სახეებსა და პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ჩვენი მორაგბეების განახლებულ ვარჯიშებზე ისაუბრა:
„ვარჯიშები განვაახლეთ, მაგრამ არასტანდარტული ვარჯიშები გვაქვს. რასაც რეგულაციები გვკარნახობს, ისე ვიქცევით. რაც შეეხება ახალ სახეებს – არიან ისეთი ბიჭებიც, რომლებსაც ნაკრებში საერთოდ არ უთამაშიათ და არიან ისეთებიც, რომლებსაც რამდენიმე მატჩი აქვთ ჩატარებული. გაფართოებული ჯგუფის რიცხვი 30-ს სცდება. პერსპექტიული ბიჭები არიან, დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს იტყვიან და საქმით დაამტკიცებენ, რომ კარგი მოთამაშეები არიან.
ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვარჯიშების განახლება. რაც უფრო გაიწელებოდა პაუზა, მით უფრო რთული იქნებოდა ფორმის შენარჩუნება. ერთი ის არის, რომ ჩვენ თუ უთამაშებლები ვიქნებით და ჩვენი დონე დავარდება, სხვებიც, სავარაუდოდ, უთამაშებლები იქნებიან და მათი დონეც დავარდება. ზოგადად, შეიძლება თამაშის ხარისხი იყოს უფრო დაბალი. საერთოდ, რამდენიც უნდა ივარჯიშო, თამაშის სიმულირებას ვერ ახდენ“.