მერაბ შარიქაძე - გაუგებარია, ესპანეთში რატომ უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთეს რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრასა და ფინალში გასვლაზე.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილებმა ავჭალის სტადიონზე გამართულ ნახევარფინალურ მატჩში რუმინეთის ნაკრები 31:7 დაამარცხეს. „ბორჯღალოსნებისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის გარდა, ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა – ჩვენი ნაკრები საპატიო ჯილდოს მეთექვსმეტედ დაეუფლა. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას შეხვედებიან, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთი 27:10 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაასახელეს, რომელმაც გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა:
„სასიახრულოა, რომ მოვიგეთ და ფინალში ვითამაშებთ. თუმცა, გაუგებარია, ესპანეთში რატომ უნდა ვითამაშოთ. ერთიც უნდა ვთქვა – საწყენია, რომ ეს პატარა სტადიონი ბოლომდე გავსებული არ იყო. მოედანზე გასვლამდე სხვაგვარი მოლოდინი გვქონდა. ჩვენ რომ თავდადებას გვთხოვენ, კარგი იქნება, აქტიურობა ტრიბუნაზეც იყოს“.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„წარმატებას ვულოცავ გულშემატკივრებს და მოვემზადებით ფინალისთვის, სადაც პორტუგალიას შევხდებით. სიმართლე გითხრათ, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება გადამწყვეტი თამაშის ესპანეთში დანიშვნასთან დაკავშირებით გაუგებარია. ფინალში გასვლის შემთხვევაში ეს ესპანეთის ნაკრებისთვისაც მოსახერხებელი იქნებოდა და პორტუგალიისთვისაც. ეტყობა, გამორჩათ, რომ საქართველოც თამაშობდა, მაგრამ გავალთ და ვიბრძოლებთ“.