მერაბ შარიქაძე - ჩვენს მაისურებს ეხატა საქართველოს რუკა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო
მერაბ შარიქაძე - ჩვენს მაისურებს ეხატა საქართველოს რუკა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო

მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო, ამიტომ საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განუცხადა.

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს თამაში ჩვენთვის განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. როგორც დავპირდით გულშემატკივარს, ბოლომდე დავიხარჯეთ. ღვთის წყალობით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში“, – განაცხადა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.

მერაბ შარიქაძის თქმით, საქართველოს ჰიმნის შესრულება განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან ჰიმნი ახლოს არის სულიერ მდგომარეობასთან.

„მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო, ამიტომ საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა. ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ჰიმნი ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან და საქართველოს რაღაც შუამდგომი არის ჰიმნი. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში, მოვიგეთ და საქართველოსთვის ვიმღერეთ ჰიმნი. ჩვენს გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩამოვიდა გვიგულშემატკივრა. ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია საქმე“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ქალაქ კრასნოდარში გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა.