მერაბ გაბინაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება სამართლებრივად მყიფეა, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას
მერაბ გაბინაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება სამართლებრივად მყიფეა, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას

პირდაპირ მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატორები არიან – ეს საკითხი სამართლებრივად მყიფეა, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას, – აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი. იგი ერთ-ერთია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიაში მოხვდა.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების სურვილი, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, თავად მოსამართლეებმა გამოთქვეს. გაბინაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების შესახებ არაკონსტიტუციურია და იმედი აქვს, პარლამენტი არ დაამტკიცებს.

„ამ საკითხს აქვს ორი მხარე. ერთი არის სუფთა სამართლებრივი მხარე, მეორე გახლავთ სუბიექტური მხარე. სამართლებრივს რაც შეეხება, გულისხმობს იმას, რომ შავით თეთრზე წერია მოქმედ კონსტიტუციაში და აღნიშნულია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას აქვს მხოლოდ ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა. ის არის დისკრეცია, რომ მოსამართლეები, რომლებიც პირველად განწესდებიან სისტემაში, შესაძლებელია მათ მიმართ გამოყენებულ იქნას სამწლიანი ვადა, რომელსაც საბჭო ისედაც იყენებს. რაც შეეხება ამ პროცესის საერთოდ გადადებას, შეჩერებას და მორატორიუმს, კონსტიტუციაში ვერ ნახავთ რაიმე ფორმას, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ასეთი საქციელი სამართლებრივად. პირდაპირ მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ​მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატორები არიან – ეს საკითხი სამართლებრივად იმდენად მყიფეა, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმას, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი მას ამ სახით არ მიიღებს“, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

დატოვე კომენტარი