მერაბ დვალიშვილმა ვარჯიში განაახლა - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ვარჯიში განაახლა. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგის მე-12 მებრძოლმა „სერა-ლონგოს“ გუნდთან ერთად მომავალი გამოწვევისთვის მზადება დაიწყო. მოგეხსენებათ 6 მარტს მერაბის მეგობარი და თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი ჩემპიონის ქამრისთვის რუსი პეტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამავე დღეს შედგება ძალიან საინტერესო ბრძოლა ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის იან ბლაჰოვიჩსა და ისრაელ ადესანიას შორის. „სერა ლონგოს“ გუნდი სწორედ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ მერაბმა სულ ცოტა ხნის წინ დაამარცხა კორონავირუსი, რეაბილიტაციის პროცესიც დასრულდა და დვალიშვილი დარბაზს დაუბრუნდა. მერაბს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
– როდის განაახლე ვარჯიში და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ როგორ გრძნობ თავს?
– დაახლოებით 2 კვირაა რაც ვარჯიშები განვაახლეთ. კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, ჩემს ფიზიკურ კონდიციაზე გავლენა იქონია, თუმცა ამჟამად ყველაფერი რიგზეა. ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობ და ვემზადები შემდეგი ბრძოლისთვის.
– შენი გუნდელი ალჯამეინ სტერლინგი 6 მარტს ტიტულისთვის იბრძოლებს. შენს მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით ხომ არ არის რამე სიახლე? როდის ველოდოთ მერაბ დვალშვილს ოქტაგონზე?
– 6 მარტი „სერა ლონგოს“ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს გუნდს აუცილებლად ეყოლება ახალი ჩემპიონი, როდესაც ალჯო იანს დაამარცხებს. ამჟამად ვცდილობთ, რომ მეც ჩავატარო ბრძოლა 6 მარტის ქარდზე, თუმცა ძალიან რთულია მოწინააღმდეგის შერჩევა ტოპ 15-დან. ჯერჯერობით გადაჭრით არაფრის თქმა შემიძლია. ნებისმიერი მეტოქესთვის მზად ვარ. იმედია მოიძებნება ვინმე და 6 მარტს მეც ვიბრძოლებ UFC 259-ზე.
– წინა ინტერვიუში გვითხარი რომ ლას ვეგასში გეგმავდი წასვლას. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით?
– დაახლოებით 10 დღეში გავფრინდები ლას ვეგასში და იქ განვაგრძობ სრულყოფილად მომზადებას მომდევნო ბრძოლისთვის.
– ტრავმები ხომ არ გაწუხებს?
– ტრავმები მაქვს, მაგრამ ვარჯიშს მაინც ვახერხებ. ეს ისეთი დაზიანებებია, რომელიც ბრძოლის გამართვაში ხელს არ შემიშლის. ასე რომ, სანერვიულო არაფერია.