მერაბ დვალიშვილისა და რაონი ბარსელოსის ბრძოლა აღარ შედგება - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
6 დეკემბერს, ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ქარდზე ერთდროულად სამმა ქართველმა უნდა ჩაატროს ბრძოლა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მერაბ დვალიშვილისა და რაონი ბარსელოსის დაპირისპირება აღარ შედგება. ბრძოლის ჩაშლის მიზეზები ჩვენ მერაბს ვკითხეთ. დვალიშვილის განცხადებით, ნევადის კომისიამ ბრაზილიელ მებრძოლს 6 დეკემბერს ოქტაგონზე გასვლის უფლება არ მისცა, რადგან ბარსელოსის უკანასკნელი ბრძოლიდან ძალიან მცირე პერიოდია გასული. სავარაუდოდ, რაონის მცირე ტრავმა აწუხებს, რის გამოც კომისიამ მას ბრძოლის ნება არ მისცა.
ბრძოლამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. გუშინ შევიტყვეთ, რომ რაონი ვეღარ იბრძოლებს. ამჟამად რაზე მიდის მოლაპარაკება? ხომ არ გადაიწევს ბრძოლის თარიღი და თუ ეძებს პრომოუშენი შენთვის ახალ მეტოქეს?
ძალიან ვწუხვარ, რომ რაონისთან ბრძოლა არ შედგება. მე ძალიან მსურდა ჩემი ძალების გამოცდა ამ ძლიერ მებრძოლთან. ნევადის ათლეტთა კომისიამ ბარსელოსს ბრძოლის საშუალება არა მისცა, რადგან მისი უკანასკნელი დაპირისპირებიდან ძალიან ცოტა დროა გასული. თარიღის გადაწევაზე საუბარი არ მიდის. გარდა ამისა, ჩემმა მენეჯერმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ნევადის კომისიამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა წესდებაში. მათ სურთ, რომ მე ტოპ 15-ის მებრძოლს დავუპირისპირდე. იმედი მაქვს, ორგანიზაცია 6 დეკემბრამდე მეტოქეს მომიძებნის და ბრძოლის ჩატარებას შევძლებ. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
როგორც ვიცით, რამდენიმე დღეში შენ ლას ვეგასში გეგმავდი წასვლას. ბარსელოსთან ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ ხომ არ შეგეცვალა გეგმები?
ლას ვეგასში მაინც გავემგზავრები. როგორც იცით, ჩემს გუნდელს, ალჯამეინ სტერლინგს სულ მალე სატიტულო ბრძოლა ელოდება და მე მას საბოლოო მომზადებაში უნდა დავეხმარო. გარდა ამისა, იმედს ვიტოვებ, რომ UFC მეტოქეს მომიძებნის და 6 დეკემებერს ლას ვეგასში სამი ქართველი ვიბრძოლებთ.
ნეკნის ტრავმა გაწუხებდა, ამჟამად რა ვითარებაა ამ მხრივ?
ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მზად ვარ მორიგი გამარჯვებისთვის! იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ბრძოლას მიმდინარე წელს შევძლებ. მე დეკემბრის ნებისმიერი ქარდისთვის მზად ვარ.