ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი „ქარდი“ გაიმართა (UFC fight night 174). ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებული იყო, რადგან UFC-ში რიგით მეექვსე ბრძოლას მართავდა მერაბ დვალიშვილი. ქართველ მებრძოლს დღევანდელ პრინციპულ დაპირისპირებამდე ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ამ გამარჯვებით დივიზიონში საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებდა. თავდაპირველად, დვალიშვილის ბრძოლა რეი ბორგთან იყო ჩანიშნული, თუმცა პერსონალური მიზეზების გამო ამერიკელი ასპარეზობას ჩაეხსნა. 29 წლის ქართველი მებრძოლი „კომბატ ამერიკა“-ს (Combat America) 30 წლის ჩემპიონ – გუსტავო ლოპესს შეხვდა.
დვალიშვილმა მეტოქე ყველა კომპონენტში პირნათლად დაჯაბნა. ზუსტი დარტყმების მხრივ მერაბს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა (70-18-ზე დვალიშვილის სასარგებლოდ). რაც მთავარია, მერაბმა გდებების პირადი რეკორდი გააუმჯობესა. მან მეტოქე ცამეტჯერ გადაიყვანა პარტერში. აღსანიშნავი და საამაყო ფაქტია, რომ დვალიშვილი გდებების მიხედვით აქტიურ მებრძოლებს შორის ყველა წონითი კატეგორიის გათვალისწინებით მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
- ფრენკი ედგარი – 68 გდება
- ნიკ ლენცი – 68 გდება
- კლეი გუიდა – 64 გდება
- ხაბიბ ნურმაგომედოვი – 59 გდება
- კოლბი კოვინგტონი – 58 გდება
- კორი ანდერსონი – 53 გდება
- მერაბ დვალიშვილი – 52 გდება
- რაფაელ დოს ანიოსი – 49 გდება
მერაბი, როგორც მას სჩვევია, რაუნდების ბოლო წამებს ძლიერი გამძლეობის ხარჯზე აქტიურად მართავს, გამონაკლისი არც ეს ბრძოლა გახლდათ. გუსტავო ლოპესთან ბრძოლის ნაადრევად დასრულების მცდელობა მერაბს მეორე რაუნდში ჰქონდა, თუმცა მეტოქემ სერიოზულ ზეწოლას გაუძლო და რაუნდის დასრულება მოახერხა.
გუსტავო ლოპესისთვის ვითარება არც მესამე რაუნდში შეცვლილა. მერაბი განაგრძობდა სრულ დომინირებას და რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმაც განახორციელა. მსაჯებმა მერაბის გამარჯვება საკმაოდ სერიოზული ანგარიშით დააფიქსირეს (30-25, 30-26 და 30-26). შედეგად, მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და საკმაოდ ბევრი რეკორდიც დაამყარა. ქართველ მებრძოლს ზედიზედ ოთხი გამარჯვება აქვს. საქართველოს პირველი არხი მერაბს ლას ვეგასში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
საეჭვო და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ დაუმსახურებელი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ოთხი მოგება დააგროვე. რამდენად მნიშვნელოვანიო გამარჯვება იყო შენი კარიერისთვის?
ჩემთვის ყოველი მომდევნო ბრძოლა კარიერაში იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ეს მე უდიდეს მოტივაციას და გამოცდილებას მმატებს. გაჩერებას არ ვაპირებ და უმაღლესი მიზნებისთვის მსურს ბრძოლა. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.
რას იტყვოდი გუსტავო ლოპეზზე და მასთან ბრძოლაზე? რის ხარჯზე მიაღწიე სრულ უპირატესობას?
რაც შეეხება გუსტავო ლოპეზთან ბრძოლას, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი მებრძოლი იყო. ფიზიკურად დიდ ძალას ფლობდა. სანოკაუტო დარტყმები ჰქონდა და მთელი დაპირისპირების მანძილზე სიფრთხილე მმართებდა. ვფიქრობ, გეგმა კარგად შევასრულე და სწორედ ამის გამო მივიღე ასეთი შედეგი. რამდენჯერმე მას ძლიერი დარტყმა მივაყენე და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, თუ როგორ გაუძლო. შეტევაზე გადმოდიოდა და საკმაოდ კარგი გამძლეობაც ჰქონდა.
მეორე რაუნდის დროს ბრძოლის ნაადრევად დასრულება სცადე. რა დაგაკლდა, რომ მიზნისთვის მიგეღწია?
დიახ, მეორე რაუნდში ვცადე მისი „დაფინიშება“. მტკივნეული ილეთიც ვცადე და მომგუდავიც, თუმცა როგორც უკვე გითხარით ლოპესი საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად და ჩემს ზეწოლას გაუძლო. მე შევეცადე ჭკვიანურად გამემართა ბრძოლა და ვფიქრობ ეს გამომივიდა კიდეც. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე.
ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ ვის ისურვებდი მეტოქედ? როგორც ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში აღნიშნე შონ ო’მალისთან დაპირისპირება გსურს, არის ვინმე სხვა მებრძოლი ვისთანაც ოქტაგონზე გასვლას ისურვებდი?
ჩემი დიდი სურვილია, რომ შონ ო’მალისთან ბრძოლა. ვთვლი, რომ მაღალი დონის პროფესიონალია და მასთან ჩემი ძალების გამოცდა მსურს. თანაც – მე მიყვარს დაუმარცხებელ მებრძოლებთან დაპირისპირება. ო’მალის გარდა, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილთან უმარ ნურმაგომედოვთან გავმართავდი ბრძოლას.
დვალიშვილი ახლა ლას ვეგასიდან ნიუ იორკში დაბრუნდება და ვარჯიშს განაგრძობს.მერაბმა გუსტავო ლოპესთან ბრძოლაში საკმაოდ ბევრი საინტერესო რეკორდი დაამყარა. გთავაზობთ რეკორდებს, რომელიც დვალიშვილს UFC-ში ეკუთვნის.
ყველაზე მეტი გდება ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში – 39
ყველაზე მეტი დარტყმა პარტერში ყოფნისას ერთ ბრძოლაში (bantamweight დივიზიონში) – 189
ყველაზე მეტი კორპუსში დარტყმა ერთ ბრძოლაში (bantamweight დივიზიონში) – 127
ყველაზე მეტი გდება ერთ ბრძოლაში (bantamweight დივიზიონში) – 13
ყველაზე მეტი გდების მცდელობა ერთ ბრძოლაში (bantamweight დივიზიონში) – 24
ყველაზე მეტი დარტყმა ერთ რაუნდში (bantamweight დივიზიონში) – 114
ყველაზე მეტი დარტყმის მცდელობა (bantamweight დივიზიონში) – 153
ყველაზე მეტი გდებების მცდელობა ერთ რაუნდში (bantamweight დივიზიონში) – 12