მექსიკის დასავლეთ ნაწილში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკის დასავლეთ ნაწილში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მთავრობის ცნობით, საპორტო ქალაქ მანზანილიოში მაღაზიის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი მიჩოაკანის შტატში, წყნარი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ეპიცენტრის სიახლოვეს დაზიანებულია რამდენიმე საავადმყოფოს შენობა, დაშავდა ერთი ადამიანი.
ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მეხიკოში. დედაქალაქის მერის, კლაუდია შაინბაუმის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები მექსიკაში დაფიქსირდა დამანგრეველი მიწისძვრის ხუთი წლისთავზე. 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 370 ადამიანი ემსხვერპლა.