მეხიკოში ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციები მეორე დღეა მიმდინარეობს. ათასობით მონაწილე ქალების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებს. აქტივისტებმა მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
აქცია 23 წლის მექსიკელი ქალის, ვიქტორია სალასის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პირისთვის გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს მოჰყვა.
სალასის ცხედარი რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს, სადაც გოგონა დაბადების დღეს აღნიშნავდა. მას ცივი იარაღით 20-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობისთვის ბრალი მის მეგობარ ბიჭს, მარიო საენსს წაუყენეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვიქტორია სალასს არ იცნობდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ გარდაცვლილისა და ბრალდებულის ერთად გადაღებული ფოტოები წარმოადგინა, რაც მათ ურთიერთობას ადასტურებდა.
გარდა ამისა, სალასის მეგობრები ჩვენების მიცემისას ამბობდნენ, რომ ბრალდებული ეჭვიანი იყო და ვიქტორია სალასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა. მიუხედავად ამისა, მარიო საენსი გაამართლეს.
მექსიკაში ფემიციდის მაჩვენებელი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ბოლო კვლევებით, ქვეყანაში ყოველდღე შვიდ ქალს ქმარი ან მეგობარი მამაკაცი კლავს, ხოლო ქალების 63% ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
ავტორი: ქეთი თუთბერიძე