მექა ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაცია ხდება
მექა ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაცია ხდება

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, ვაინახური ტრადიციებით, სასაფლაოზე არათუ მკვლელობის მოწყობა, არამედ უცხო პირის შესვლაც დაუშვებელია.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაცია გრძელდება, რასაც ხელს მაღალჩინოსნების განცხადებებიც უწყობს, რომელთა თანახმადაც, თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილები ტერორისტებად არიან „მონათლული“.

ხანგოშვილის თქმით, ხეობის მოსახლეობა მიმდინარე პროცესების გამო აღელვებულია და მოითხოვს, დამთავრდეს საკითხის ირგვლივ მანიპულაციები.

რაც შეეხება ჩანაწერს, დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლებელია, საუბარი აღელვების ნიადაგზე ყოფილიყო, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობაც დაუდგენელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი.