ბელარუსის ჩემპიონატში მეცხრე ტურის მატჩი გიორგი ქანთარიას გუნდის მონაწილეობით, რომელიც 15 მაისს მინსკის „ტრაქტორის“ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. მიზეზი ისაა, რომ მისი მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელი, სავარაუდოდ, კორონავირუსითაა დაინფიცირებული.
„ამასთან დაკავშირებით, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ და „მინსკისა“ და გროდნოს „ნემანის“ მეცხრე ტურის მატჩის გადადება გადაწყვიტეს“ – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომას მიმართავს. სტადიონებზე დამონტაჟებულია ანტისეპტიკური დამატებითი წერტილები, შესასვლელებში მაყურებლებს სხეულის ტემპერატურას უზომავენ. ტრიბუნებზე კი ჭადრაკისებული განლაგებით სხდებიან“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბელარუსში საფეხბურთო მატჩი გადადეს. პირველი ლიგის მეოთხე ტურის მატჩი „გომელსა“ და ძერჟინსკის „არსენალს“ შორის ასევე მოგვიანებით გაიმართება, რადგან „არსენალის“ ერთ-ერთი მოთამაშე შეუძლოდ გახდა და იყო ვარაუდი, რომ მასაც კოროვირუსი ჰქონდა.