მენეჯერი თემურ ლეფსაია - ენების ცოდნით არველაძემ გამაოცა, „სევილიას“ კვარაცხელიაზე ვესაუბრე, სოხუმში, საკუთარ სახლში სტუმრად დაბრუნება არ მსურს #1TVSPORT
მენეჯერი თემურ ლეფსაია - ენების ცოდნით არველაძემ გამაოცა, „სევილიას“ კვარაცხელიაზე ვესაუბრე, სოხუმში, საკუთარ სახლში სტუმრად დაბრუნება არ მსურს #1TVSPORT

საფეხბურთო მენეჯერი თემურ ლეფსაია, რომელიც რუსეთში საქმიანობს და ამ სფეროში ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებაა, გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემას შეეხო:

„შოთა არველაძემ გამაკვირვა

– ყველაზე მეტად შოთა არველაძემ გამაკვირვა, რომელიც ქართულთან ერთად ლაპარაკობს თურქულად, ინგლისურად, რუსულად, ესპანურად, გერმანულად და ნიდერლანდურადაც კი, თანაც კარგად! საოცარი იუმორი აქვს. ერთხელ საქართველოს სამი დღით ვესტუმრეთ მე, ვალერი კარპინი და რომან აღსაბაძე. სასტუმროს ჰოლში ნაცნობმა მითხრა, რომ შოთაც თბილისში იყო. საღამო მშვენივრად გავატარეთ და იმდენი ვიცინეთ, მუცლის კუნთები გვტკიოდა. სამწუხაროა, რომ „კრასნოდარი“ არ ჩაიბარა, თუმცა ურიგო ვარიანტი არც „ჰალია“.

კონსულტაცია „სევილიასთან“ კვარაცხელიაზე

– რატომ დაგიკავშირდნენ ესპანელები? „სევილიას“ სპორტულ დირექტორს, მონჩის ვიცნობ, რომელთანაც ხვიჩას საკითხი წელიწადნახევრის წინ განვიხილეთ. დადებითად დავახასიათე. დარწმუნებული ვარ, მისით მრავალი კლუბი დაინტერესდა. თუმცა, ჩემი აზრით, ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი „აიაქსში“ თამაში იქნება. იქ ბევრს გაიტანდა. ნიდერლანდებში გახსნილი ფეხბურთია, 4-3-3 სქემით თამაშობენ, რაც ხვიჩასთვის იდეალური იქნებოდა. სწრაფია, ტექნიკური, დრიბლინგზე დროულად მიდის. „რუბინიდან“ ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატში გადასვლა ბევრად რთულია. ერედივიზიონში კი ერთ სეზონში სახელს მოიპოვებს და უკეთეს ლიგაში დაწინაურება უფრო ადვილად არის შესაძლებელი.

ჯანო და „ვიტესი“

– 2019 წელს ჯანოს ძალიან უნდოდა გადასვლა, იმის მიუხედავადაც, რომ ხელფასის 60%-ს კარგავდა. მაშინ ამ გუნდს სლუცკი ავარჯიშებდა, რომელიც ჯანოთი დაინტერესდა. უარზე არც „სპარტაკი“ იყო, მაგრამ ყველაფერი „ვიტესის“ იურისტებმა შეაჩერეს, რომლებიც საიჯარო პერიოდის მთელი ხელფასის გადარიცხვას და უზარმაზარი ადგილობრივი გადასახადის, 52%-ის დარიცხვას ითხოვდნენ. ეს „სპარტაკისთვის“ წამგებიანი იყო.

– მე ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზე. „სპარტაკი“ ჯანოსთან“ კონტრაქტს გაწყვეტდა. მე, როგორც მოთამაშის წარმომადგენელი, გარანტად გამოვდიოდი, რომ ანანიძე უკან დაბრუნების შემდეგ „სპარტაკთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდა. თავის მხრივ „ვიტესი“ გაუფორმებდა კონტრაქტს იმ თანხიდან გამომდინარე, რომელიც მზად იყო მისთვის გადაეხადა, მაგრამ ეს ვარიანტიც არ მოეწონათ. – იურისტებმა დაიჟინეს, რომ ეს ფარული იჯარა გამოდიოდა. თუმცა გარკვევით ვამბობ, რომ ჯანოსთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არა საქმიანი და მისი მენეჯერი არასოდეს ვყოფილვარ.

– მისი სახელი კარგა ხანია არ ისმის და ბევრს ჰგონია, უკვე 45 წლისაა. არადა, ოქტომბერში 30 წლის გახდება და კიდევ უნდა ითამაშოს. ხელს ტრავმა უშლის. „როტორიდანაც“ იმიტომ წავიდა, რომ მუხლის ოპერაცია დასჭირდა. ტრავმა მოირჩინა, „დინამო თბილისთან“ ხელშეკრულება გააფორმა და – ისევ ტრავმამ შეაწუხა. ახლა ჯანო საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად თურქეთში შეკრებაზეა. ჯერ უკონტრაქტოდ, რადგან ხელმძღვანელობას თავად შესთავაზა, რომ მოვლენები არ დაეჩქარებინათ. ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ევროტურნირებზე თუ „გაისვრის“, ვფიქრობ, პრემიერლიგაში ანანიძეს ისევ გაიხსენებენ.

სოხუმიდან გამოქცევა

– 12 წლამდე სოხუმში ვცხოვრობდი. 1992 წელს ომი დაიწყო. 1993 წლის ივლისში ზავი გამოცხადდა და გვეგონა, ცხოვრება დაწყნარდა, სკოლაში წავედი, მაგრამ სექტემბერში ომი განახლდა. ალყაში მოქცეული ქალაქიდან გაღწევა მხოლოდ კოდორის ხეობიდან იყო შესაძლებელი, სადაც სამი დღე ფეხით მივდიოდით. გაუბედურებული ხალხი ომს გაურბოდა. სოხუმში 30 გრადუსი იყო, მთებში კი მოთოვა და საშინელი სიცივე იყო. ხშირად გაყინული გვამები გხვდებოდა.

– ჯერ სვანეთამდე მივაღწიეთ, შემდეგ ქუთაისამდე, სადაც ავტოქარხნის ტერიტორიაზე კარვების ბანაკში ვიცხოვრეთ, შემდეგ თბილისში წავედით, საავადმყოფოში. ლტოლვილებისთვის სხვა ადგილი არ მოიძებნა. როდესაც მივხვდით, რომ სოხუმში დაბრუნება არარეალური იყო, რამენსკოეში გავემგზავრეთ, სადაც მამას ნაცნობები ჰყავდა. აფხაზეთში ბაბუა დარჩა. მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდა, არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია და 1993 წელსვე დახვრიტეს. სოხუმში ჩემს სახლს რა მოუვიდა? ალბათ, იქ ვიღაც ცხოვრობს. ზღვის პირას, ქალაქის ცენტრში მდებარე კარგი სახლია.

1993 წლის შემდეგ სოხუმში არ ვყოფილვარ. გული არ მიმიწევს. აფხაზეთში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, მაგრამ საკუთარ სახლში სტუმარივით გამგზავრება არ მინდა!“.