მელბურნში თავდასხმის გამო 32 წლის ემიგრანტს ბრალი წაუყენეს
მელბურნში თავდასხმის გამო 32 წლის ემიგრანტს ბრალი წაუყენეს

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 32 წლის ემიგრანტს მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს.

ავღანელი ემიგრანტი საედ ნორი, რომელიც თავდასხმის ადგილას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ის პოლიციამ გუშინ საღამოს დაკითხა.

საედ ნორი ავტომანქანით ფეხით მოსიარულეებს ორი დღის წინ დაეჯახა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. მელბურნის ქუჩებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

თავდაპირველად, ქალაქის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევა ტერორისტული აქტი არ ყოფილა, თუმცა, შესაძლოა, მომხდარს თავდამსხმელის დაკითხვის შემდეგ ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს. ქუჩაში ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.