„მელბურნ შტორმმა“ „ნაციონალური რაგბი ლიგა“ (NRL) მეოთხედ მოიგო - ფინალს 37,000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო [ვიდეო]
„მელბურნ შტორმმა“ ავსტრალიის „ნაციონალური რაგბი ლიგის“ (NRL) გათამაშების ფინალში „პენრით პანტერსი“ ანგარიშით 26:20 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ მოიგო. შეხვედრას 80,000-იან „ეი-ენ-ზი სთედიუმზე“ (ANZ Stadium) 37,303 მაყურებელი დაესწრო.
NRL-ის სეზონი მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, მაგრამ მაისში ტურნირი განახლებული პროტოკოლით გაგრძელდა.
„ჩვენ საქმე გავირთულეთ, მაგრამ მოგება შესანიშნავი გრძნობაა. შინ ხუთი თვეა არ ვყოფილვართ და სასიხარულია, რომ ამ გამოწვევას სრულყოფილად გავუმკლავდით,“ – განაცხადა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ლეგენდარულმა კვაჭმა ქემერონ სმიტმა.
მას შემდეგ, რაც პირველ ნახევარში სულიასი ვუნივალუმ 60 მეტრიანი ლელო დადო, მოქმედი ჩემპიონი, რომელიც რეგულარული სეზონში მხოლოდ პირველადგილოსან „პანტერსს“ ჩამორჩა, 22 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა. ისედაც დიდი სხვაობა მეორე ნახევარის სტარტზე ფულბეკმა რაიან პაპენჰუიზენმა კიდევ უფრო გაზარდა – მან მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ლელომდე 70 მეტრი ირბინა. „პანტერები“ მატჩში ბარიან ტო’ო-ს და სტეფერ კრიქტონის ლელოებით დაუბრუნდნენ. „შტორმის“ საქმე კიდევ უფრო გართულდა, როდესაც ჯერომ ჰიუჯსი 10 წუთით სინბინში გაუშვეს, რასაც მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე პენრითელების მეოთხე ლელო მოჰყვა. საბოლოოდ, „მცირე ჩემპიონებს“ დრო აღარ ეყოთ, შეხვედრა „შტორმმა“ ანგარიშით 26:20 მოიგო და ბოლო 11 წელში მეოთხე ტიტული მოიპოვა.