მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.
„შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.