მეკარე ზვიად კუპატაძის სარეკორდო მაჩვენებელი - 35 გოლი ოფიციალურ მატჩებში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძე ფუტსალში რუსეთის თასის 1/4 ფინალში გატანილ გოლზე პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდი, თასის მოქმედი მფლობელი „იუგრა“ მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ბესიკ ზოიძის გაწვრთნილ კპრფ-ს შეხვდა. ფრედ დასრულებული (2:2) პირველი მატჩის შემდეგ კუპატაძის გუნდმა მეტოქე 7:2 დაამარცხა და რუსეთის თასის ფინალური ოთხეულის პირველი მონაწილე გახდა. კუპატაძემ მეტოქეს გოლი ბოლო წუთზე გაუტანა. ამ მატჩის გამო 16 და 18 დეკემბერს სერბეთთან საქართველოს ნაკრების შეხვედრები (1:1, 4:3) გამოტოვა, მაგრამ 21 და 22 დეკემბერს ყირგიზეთთან ითამაშა.

„ეს რუსეთის თასზე გატანილი ჩემი მე-4 გოლია. აქამდე „იუგრაში“ თამაშის პერიოდში ოფიციალურ მატჩებში 34-ე გოლი მქონდა დაგროვილი. რუსეთის სუპერლიგაში 24 გოლი გავიტანე, 7 – ჩემპიონთა ლიგაზე და 3 – რუსეთის თასზე. პირველი გოლი რუსეთის თასზე მინი-ფეხბურთის კლუბ „ტიუმენში“ გავიტანე. ერთად აღებული 35 გოლია რუსულ კლუბებში ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში“, – წერს ზვიად კუპატაძე.,

საქართველოს ფუტსალის ნაკრების და „იუგრას“ მეკარე მეკარე კუპატაძე 42 წლისაა. საქართველოს „იბერია-2002-ის“ შემადგენლობაში უეფა-ს ფუტსალის თასზე ითამაშა და გადავიდა რუსულ კლუბ „ტიუმენში“, სადაც მალევე გახდა მთავარი მეკარე. 2004 წლის ზაფხულში კონტრაქტი გააფორმა ფუტსალის გუნდ „იუგრასთან“, სადაც ოთხჯერ მოიგო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, სამჯერ გახდა სუპერლიგის ვერცხლის მედალოსანი, ორჯერ მოიგო ჩემპიონატი, ოთხჯერ მოიგო რუსეთის თასი, ხოლო 2016 წელს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა, რომლის ნახევარფინალშიც გოლი გაიტანა.

კუპატაძე წლებია საქართველოს ფუსტალის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, მისი კაპიტანია და 7 გოლი ეროვნულ გუნდშიც გაუტანია.

რაც ამ შემთხვევაში მთავარია, ზვიად კუპატაძე რუსეთის ლიგის მეკარეებში გატანილი გოლებით საუკეთესოა და მას უახლოეს პერიოდში ვერავინ დაეწევა.